Accessibility links

site logo site logo

როგორ შეცვალა პანდემიამ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება - კვლევა


Covid-19-ის პანდემიამ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება შეამცირა. რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. თუკი 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილითა და ექსპორტით 1,6 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 1,8-კერ შემცირდა და 0,9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა - შესაბამისად შემცირდა წილი ქვეყნის მშპ-ში 9-პროცენტიანი წილი 5,7 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაზე კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოამზადა.

ორგანიზაციის განმარტებით, დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება:

"საფრთხის მხრივ, ექსპორტ-იმპორტი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლია, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების".

ექსპორტი

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11,2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13,1%-დან 13,2%-მდე მცირედით გაიზარდა, რადგან ქვეყნის ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა (12%-ით), ვიდრე რუსეთში ექსპორტი. 2020 წელს საქართველოდან რუსეთში 441 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

  • 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 120 მლნ აშშ დოლარით. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა;
  • მეორე ადგილი ფეროშენადნობებმა დაიკავა - 109 მლნ დოლარით, რაც 2019 წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა;
  • მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იყო 44 მლნ აშშ დოლარით, რომელიც, 2019 წელთან შედარებით, 27%-ით შემცირდა;
  • 2020 წელს ქართული სპირტიანი სასმელების რუსეთში ექსპორტმა 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,3%-ით ნაკლებია.

რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი ფაქტობრივად 2013 წლიდან აღდგა. ამას წინ უსწრებდა რუსეთისგან 2006 წელს დაწესებული ემბარგო. 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო დაცემული.

იმპორტი

საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს - ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტს მზარდი ტენდენცია აქვს.

"2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. რუსეთს საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9,2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10,3%-დან 11,1%-მდე გაიზარდა.

"წილის ზრდის მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან იმპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი იმპორტი (შემცირდა 16%-ით)", - განმარტებულია კვლევაში.

  • რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (15%) ბენზინს უჭირავს;
  • მეორე ადგილზე ხორბალია. 2020 წელს რუსეთიდან 107 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 488 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. 2019 წელთან შედარებით ზრდა 18%-ია. ამავე დროს, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99,4% რუსული ხორბალი იყო.

"რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის", - მიიჩნევენ მკვლევრები.

  • რუსეთიდან იმპორტში ასევე მნიშვნელოვანი წილი (5%-მდე) უჭირავს მზესუმზირის ზეთს, რომლის იმპორტი 2020 წელს 21%-ით გაიზარდა და 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, შემოსავლების მხრივ, საქართველო რუსეთიდან შემომავალ ტურისტებზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე პროდუქციის ექსპორტზე. 2019 წელს რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 497 მლნ აშშ დოლარი მიიღო, ხოლო რუსი ვიზიტორებისგან - დაახლოებით, 700 მლნ აშშ დოლარი.

პანდემიის გამო 2020 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა. ამ დროს რუსეთიდან 208 677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია.

"ვირუსის გავრცელების გამო, აპრილიდან ტურიზმის ფაქტობრივად შეჩერებით, 2020 წელს საქართველომ დაახლოებით 2,7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგა. ეს თითქმის 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთიდან ტურიზმის სრული შეწყვეტით იზარალებს საქართველო", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ფულადი გზავნილები

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს - 25%. მიზეზს მკვლევრები ორი ფაქტორით ხსნიან - რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გადმორიცხული თანხა 153 მლნ აშშ დოლარით (8,8%-ით) გაიზარდა.

"პანდემიის ფონზე ზრდა არალოგიკურია, რადგან იმ ქვეყნებშიც ეკონომიკური კრიზისია, საიდანაც ემიგრანტები ფულს აგზავნიან. პანდემიის ფონზე ფულადი გზავნილების ზრდა გამოიწვია იმან, რომ ის თანხები, რაც წინა წლებში პირადად შემოჰქონდათ ემიგრანტებს საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის გართულების გამო, ახლა ფულადი გზავნილებით გადმოირიცხა", - აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2020 წელს წინა წლების ტენდენცია გაგრძელდა და რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65 მლნ აშშ დოლარით (15%-ით) შემცირდა. რუსეთის წილი კი მთლიან გზავნილებში 19,3%-მდე შემცირდა.

დასკვნა

ორგანიზაცია ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით აცხადებს, რომ რუსეთზე დამოკიდებული ქართული ეკონომიკა "ბუნებრივად" შემცირდა.

"პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე... ასევე გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომ "კოვიდ შეზღუდვების" მოხსნის შემდეგ, რესურს-შემცირებულმა ბიზნესმა იოლად ხელმისაწვდომ ბაზარს მიაშუროს, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, რამაც შესაძლოა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო გაზარდოს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG