Accessibility links

site logo site logo

ნოდარ მელაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა


ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის ერთადერთი მიზანი აუდიოჩანაწერების წყაროს დადგენა იყო:

„მე შემეძლო კანონის თანახმად საერთოდ არ მიმეცა ჩვენება დღეს პროკურატურისთვის, არ მოვსულიყავი მათ შორის არც სასამართლოში და მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით და არ მიმეცა საერთოდ ჩვენება. მოვედი სასამართლოში იმიტომ ჩვენების მისაცემად, რომ მაინტერესებდა დამენახა რა იყო პროკურატურის განზრახვა. პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი. ის საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს, არის ერთადერთი, რომ გაარკვიონ ვინ არის წყარო. კითხვები ეხებოდა ამას-საიდან, როგორ რა ფორმით, რომელ დღეს, როგორი მატარებლით ვისგან? მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო“, - განაცხადა მედიასთან კომენტარში ნოდარ მელაძემ. მან აღნიშნა, რომ მზადაა მუხლის გადაკვალიფიცირების და გამოძიების შინაარსობრივ ნაწილზე გავრცელების შემთხვევაში, პროკურატურას ჩანაწერები გადასცეს იმ ფორმით, რა ფორმითაც რედაქციაშია და არა ელექტრონული მატარებლით:

„ისინი ამბობენ, რომ ამ მუხლით უნდა დაიწყონ და გადააკვალიფიცირონ, პრაქტიკა სრულიად სხვას გვიჩვენებს, მათი მიზანი იყო ერთადერთი, დაედგინათ წყარო, ყველა კითხვით მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ. იყო ირიბი კითხვებიც, თუ გახსოვთ რომელ დღეს მოგიტანეს, ვინ იყო და ა.შ.“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„ტვ პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. სიუჟეტში გასულ ჩანაწერში ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინების საკითხს, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი „იმედთან" ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

ამ საქმეზე ხმაური მოჰყვა სასამართლოს განჩინებასაც. 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG