Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს


"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ არხის ინტერესების დამცველმა, იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

"დღეს დავიწყეთ მუშაობა, რომ ის უკანონო და მე ვიტყოდი, არაკონსტიტუციური სასამართლო განჩინება, გასაჩივრდება ქვეყნის შიგნით. სანამ არსებობს ეს განჩინება, სამართალდამცავებს შეუძლიათ იძულებით განახორციელონ იმ ნივთის ამოღება, რომელიც არ არსებობს... აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ამის მიუხედავად მის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც შევეცდებით. განვიხილავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს", - განაცხადა მშვენიერაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადებას თავად უწყებამ გაავრცელა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

XS
SM
MD
LG