Accessibility links

site logo site logo

ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბროფინგზე ისაუბრა.

"გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა მოხდა დროულად, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია მოსალოდნელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელება", - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მსგავსი პროფილის დაწესებულებებში ვაქცინაცია მხოლოდ "ფაიზერის" შემთხვევაში იგეგმებოდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს. გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში 40 ისეთი კლინიკაა, სადაც რეანიმაციული განყოფილებაა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ყველა რეგისტრირებული პირი, რომელსაც ვაქცინა უნდა გაეკეთებინა, მრავალპროფილურ კლინიკაში გადამისამართდება.

დღეს დილით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა ახალციხის კლინიკის მედდა, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ახალციხის შემთხვევის გამო განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, "ევროპის წამლის სააგენტომ" დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. ოთხი დღის განმავლობაში აცრილთა რიცხვი 3060-ზე ოდნავ მეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG