Accessibility links

site logo site logo

ოთხასკაციანი რიგი ქარსა და წვიმაში - როგორ ცვლიან მანქანების ნომრებს


შს სამინისტროს მომსახურების ცენტრების წინ რიგები კიდევ უფრო გრძელდება. სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრების შეცვლის ვადა მარტის ბოლოს იწურება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რუსთავში, სადაც, მიუხედავად პანდემიისა, ოთხასამდე ადამიანი წვიმასა და ქარში ელის თავის ჯერს.

1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალებებს ახალი ნომრები უნდა ჰქონდეთ, სხვაგვარად ისინი ქალაქში მოძრაობას ვერ შეძლებენ. ახალი ნომერი საერთაშორისო სტანდარტებს არის მორგებული და მისი შეცვლის პროცედურა 2014 წლიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბევრმა ეს საქმე მაინც ბოლო დღეებამდე მიიყვანა. მხოლოდ მარტის განმავლობაში ათასობით ადამიანმა აიღო ახალი ნომერი, რის გამოც ყველა მომსახურების ცენტრში რიგი იდგა, განსაკუთრებით კი რუსთავში, სადაც ცენტრალური ფილიალია განთავსებული.

ყველა რაიონში რომ შეიძლებოდეს [ნომრების აღება], კარგი იქნებოდა, მაგრამ რადგან არ არის, რა უნდა ვქნათ“, - ამბობს ახალიმანაველი მალხაზ ზაუტაშვილი, რომელიც ახალი ნომრების ასაღებად კახეთიდან რუსთავში ჩავიდა.

რაიონიდან ჩამოვიდა ვიქტორ ბერიძეც, რომელიც რიგში ორი საათი იდგა. ონლაინაპლიკაციის გამოყენება არც უცდია - არ ვიცი ეგეთი რაღაცეები“, - ამბობს ის.

რიგები რუსთავში მანქანის ნომრების ასაღებად
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

აპლიკაციით (SAGENCY) ნომრის შეცვლა მსუბუქი მანქანების მეპატრონეებს შეუძლიათ. მისი მეშვეობით შესაძლებელია, მიუთითო, რომელ ქალაქში გსურს ნომრის აღება, დაჯავშნო სასურველი ნომერი და თანხაც გადაიხადო, თუმცა შემდეგ ნომრის ასაღებად მაინც ადგილზე მისვლა მოგიწევს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აპლიკაცია ბევრჯერ შეამოწმეს და მის გამართულად მუშაობაშიც დარწმუნდნენ, თუმცა მომხმარებლები აცხადებენ, რომ რეალურად აპლიკაციას უამრავი ხარვეზი აქვს და ისეთი ადამიანი, ვინც კარგად ვერ ერკვევა ტექნოლოგიაში, მას საერთოდ ვერაფერს გაუგებს.

გოჩა ლემონჯავა, რომელიც „ტექნოლოგიაში გარკვეულ“ ადამიანად მიიჩნევა, ამბობს, რომ მას ორმა მეგობარმა სთხოვა დახმარება, რადგან თავად აპლიკაციის მეშვეობით განაცხადის შევსებას ვერ ახერხებდნენ. მისი შევსება არც გოჩასთვის აღმოჩნდა ადვილი.

ჩემს აიფონში დავაყენე აპლიკაცია, გაჭირვებით მუშაობდა. თავიდან იმას დავაბრალე, რომ საიტი გადატვირთულია. მაგრამ ბოლოში რომ გავედი, უკვე პრობლემები დაიწყო. შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებართვას აღარ მაძლევდა. ფასი და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი ღილაკი ერთმანეთს ფარავდა. აპლიკაცია ჩემი ტელეფონის ეკრანზე არ იყო გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაცია ბაზისური პარამეტრების დარღვევით არის გაკეთებული. არ შეიძლება, ერთ აიფონში მუშაობდეს და მეორეში - არა. მომიწია პლანშეტზე გადავსულიყავი და იქ დამემთავრებინა ოპერაცია. პლანშეტს დიდი ეკრანი აქვს და იქ ყველა ღილაკი გამოჩნდა“.

გოჩა ამბობს, რომ იგივე დაემართა მეორე ჯერზეც, როდესაც კიდევ სხვა მეგობრის დახმარებას ცდილობდა. ამასთან, უსიამოვნო ფაქტი იყო ისიც, რომ აპლიკაცია არ იძლეოდა საშუალებას, თიბისი ბანკის გარდა თანხა სხვა ბანკით გადაგეხადა.

არასრულყოფილი აპლიკაციაა. იჭედები. გგონია, შენი ბრალია და თურმე აპლიკაციაა დაუხვეწავი. არ ვიცი, ჩვეულებრივი საიტი რატომ არ გააკეთეს, რომ იგივე პროცედურა კომპიუტერიდან გაგევლო“, - ამბობს ის.

რიგები რუსთავში მანქანის ნომრების ასაღებად
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოში მილიონ სამასი ათას მანქანაზე მეტია რეგისტრირებული და მათი ნომრების შეცვლას დრო სჭირდება.

კოვიდის გათვალისწინებით, ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, ონლაინ პირობებში შეავსონ განცხადები, მიუხედავად პლატფორმისა, ანდროიდი იქნება, კომპიუტერი თუ სხვა... ამასთან, უნდა იყოს ცხელი ხაზიც, როგორც ეს ტექდათვალიერების დროს იყო“, - ამბობს ის.

მას, ვინც აპრილამდე ნომრის შეცვლას ვერ მოასწრებს, მანქანა სახლში უნდა დატოვოს, ძველი ნომერი მომსახურების ცენტრში ტექნიკურ პასპორტთან ერთად მიიტანოს, ჩააბაროს და ახალი მიიღოს. ახალი ნომრის შეკვეთა დისტანციურადაც შეიძლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი ნომრებით დღემდე ბევრი მანქანაა დარჩენილი, არ არის გამორიცხული, რომ რიგები შს მომსახურების სააგენტოებში აპრილის მერეც გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG