Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: დავით ხიდაშელი პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან და საშიშ სპეცოპერაციებთან


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ. „გარეჯის საქმეში" ფიგურირებს, რუსულ სპეცსამსახურებთან და საშიშ სპეცოპერაციებთანაა დაკავშირებული. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ კარტოგრაფების საქმეში დავით ხიდაშელის მონაწილეობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოხატული ინტერესი თავიდანვე აღძრავდა კითხვებს და ეს გახდა „დროას“ მიერ მისი საქმიანობით დაინტერესების საგანი:

„ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო დეტალურად გამოგვეკვლია რას საქმიანობს დავით ხიდაშელი, კონკრეტულად რა კავშირები აქვს. თან ძალიან ბევრი საინტერესო კონკრეტული დოკუმენტი ამოვარდა, მე ეხლა თავად „სისტემაზე“ ბევრს არ ვისაუბრებ, რუსულ უმსხვილეს კომპანია „სისტემაზე“, ვასაძესთანაც იყო ეს კომპანია დაკავშირებული. ამ კომპანიაში მუშაობდა 2007 წლიდან ხიდაშელი და მერე ასევე პარალელურად, 2009 წლიდან მუშაობდა ვითომ ბერძნულ „ინტრაკომში“, რომელიც შესყიდული იყო „სისტემის“ მიერ . ამ დროს აღმოჩნდა, რომ ეს ვითომ ბერძნული „ინტრაკომი“, რომელიც თავისთავად ძალიან საეჭვო წყაროებიდან მოდის, ფაქტიურად რუსული კომპანიაა. მათი საქმიანობა უკავშირდება კატასტროფულ საქმეებს. პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს არის ყველა რუსული სპეცოპერაცია, მაიდანი, იანუკოვიჩის დაფინანსება, ჩრდილო კორეასთან ურთიერთობა და ასადის მომარაგება სატელეკომუნიკაციო ტექნიკით. მე ამ ვიდეოში ჩავსვი ის მონაკვეთი, სადაც საუბარია, როგორ ცდილობს ეს "ინტრაკომი" გვერდი აუაროს ამერიკის სანქციებს ასადის მიმართ. ანუ ფაქტიურად პორტრეტი ხიდაშელის ძალიან ნათლად იხატება, რომ ის არის პირდაპირ დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან და საშიშ სპეცოპერაციებთან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, „დროას“ სურს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დავით ხიდაშელის მიერ გარეჯის რუკების მოპოვების მოტივი:

„პირველი, ეს რუკები არ იყო უცნობი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს რუკები ადრე იყო შესწავლილი და დასკვნა იყო, რომ ამ რუკების გამოყენება უარესს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ტყუილია, რომ მან რაღაცა ჩამოგვიტანა და გვაჩუქა და მეორე, ყოველთვის, როდესაც ასეთი რაღაცა ხდება, უნდა დავფიქრდეთ, რისთვის ხდება. მით უმეტეს, როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან არის კავშირში, რომელიც არასდროს ხელს არ უწყობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს მის ინტერესში არ ყოფილა, რომ რაიმე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარებულიყო. კითხვა ჩნდება და უნდა ნახო მოტივაცია რა არის. როდესაც ჩანს, რომ ეს ადამიანი მონაწილეობს ისეთ ბინძურ საქმეებში, როგორიც არის რუსული სპეცოპერაციები სირიაში და მაიდანზე და ჩრდილო კორეაში, რა თქმა უნდა, მისი პორტრეტი მნიშვნელოვანია, რომ დაასკვნა იგივე სპეცოპერაციასთან ხომ არა გვაქვს საქმე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ "დილის საუბრებში".

მოძრაობა "დროა" და მისი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დავით ხიდაშელის დანაშაულებრივ რეჟიმებთან კავშირზე და მის რუსულ ინტერესებზე საუბრობს.

კარტოგრაფების საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე დავით ხიდაშელზე და მის რუსულ კავშირებზე რადიო თავისუფლებაც წერდა. დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ. რაც შეეხება ბერძნულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, რომლის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტიც ხიდაშელია, მისი აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს.

XS
SM
MD
LG