Accessibility links

site logo site logo

რა არის „ჟან მონეს დიალოგი“, რომელიც ნახსენებია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში


კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები თბილისში, 30 მარტი, 2021 წ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მედიატორმა გამოაქვეყნა 5-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც, მე-4 პუნქტში, საუბარია ევროპარლამენტთან თანამშრომლობაზე „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში.

დოკუმენტის მეოთხე პუნქტი პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ეხება და იქ წერია ისიც, რომ „პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან“.

რა არისჟან მონეს დიალოგი

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის - ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის.

ეს ფორმატი ევროპარლამენტის მხარდაჭერით შექმნილი ინტერპარტიული დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჟან მონეს დიალოგი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, უფრო პროცესია, პრაგმატული კონსენსუსის მისაღწევად, რაც მოიცავს კონსულტაციებს პოლიტიკურ ლიდერებთან, კონკრეტული შედეგების მიღწევას და ასევე დიალოგის დროს ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ მეთვალყურეობას.

დიალოგს საფუძვლად ჟან მონეს სამუშაო მეთოდი უდევს და გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებსა და მეთოდოლოგიაზე, ასევე ცხრა, აუცილებელ წესზე:

  • მედიაციის პრინციპები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული
  • ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს თანაბარ პირობებში
  • ნულოვანი შედეგი გამოირიცხება
  • წინასწარ არაფერია დაწესებული და/ან გამორიცხული
  • არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება
  • არანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება
  • წინასწარ არ უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები ან კანონპროექტები
  • თუ თემაზე არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, დაიწყება მისი დამუშავება
  • ნებისმიერი შეთანხმებული საერთო პროექტი მხარეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთობლივად

ვინ იყო ჟან მონე და როდის შეიქმნა ეს ფორმატი?

ჟან მონე
ჟან მონე

ჟან ომერ მარია გაბრიელ მონე (1888-1979) იყო გავლენიანი ფრანგი დიპლომატი, ფინანსისტი, ძლიერი და გაერთიანებული ევროპის მხარდამჭერი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიიჩნევა. მისი სახელობის დიალოგს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა მონეს სახლში, Maison Jean Monnet-ში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, Bazoches-sur-Guyonne-ში. ჟან მონეს დიალოგები ხშირად ტარდება ამ სიმბოლურ ადგილას, მაგრამ არამხოლოდ.

რომელ ქვეყნებთან იყენებს ევროპარლამენტი ჟან მონეს დიალოგის ფორმატს?

ევროპარლამენტმა ჟან მონეს დიალოგის მეთოდოლოგია პირველად 2016 წელს, უკრაინის ვერხოვნა რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა, მოგვიანებით კი - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის და სერბეთის ეროვნული კრების მხარდასაჭერად.

დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG