Accessibility links

site logo site logo

რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია


რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა უსაფრთხო არ არის.

„თბილისში პოზნერის ჩასვლის გარშემო მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორ ღრმა კრიზისში იმყოფება საქართველო. დღეს რადიკალიზმი დიდწილად განსაზღვრავს მის საშინაო პოლიტკას და ეს რა თქმა უნდა, კარგს არაფერს მოიტანს“, - დაწერა ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე.

დუმის სპიკერის თანახმად, თბილისში ანალოგიური რამ დაემართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელს, სერგეი გავრილოვს. „ეს ყველაფერი საქართველოს მხოლოდ ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არ არის უსაფრთხო იქ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოფნა“, - აცხადებს ვოლოდინი.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს აპირებდა თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას, თანმხლებ პირებთან ერთად იძულებული გახდა თბილისი დღეს დილით დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც გასულ ღამით, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

ისინი აცხადებდნენ, რომ პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერტორიაზე არ უნდა უშვებდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

შსს-ში 31 მარტს განაცხადეს, რომ ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

2019 წლის ივნისში, თბილისი დაგეგმილზე ადრე დატოვა რუსეთის დუმის დელეგაციამ, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობდა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ასამბლეის თავმჯდომარეს, დუმის კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG