Accessibility links

site logo site logo

2021 წლის 3 თვეში “ოცნებამ” 3 მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო, ოპოზიციურმა პარტიებმა - ჯამში 350 000 ლარამდე


2021 წლის პირველ სამ თვეში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მმართველმა პარტიამ 3 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 2 მილიონზე მეტი - მხოლოდ მარტში.

ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება შარშან, საპარლამენტო არჩევნების წლის დასაწყისში და აჭარბებს 2019 წელს გაზაფხულზე, შუალედური არჩევნების წინ მიღებულ თანხასაც. ქართულ ოცნებას“ 9-წლიანი არსებობის განმავლობაში სულ 83 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული შემოწირულებებით 4 700-ზე მეტი პირისგან.

შემოწირულებების მოცულობა იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვნად არ იცვლება ძირითად შემომწირველთა გვარები: შემომწირველების დიდი ნაწილი 2021 წელსაც ისინი არიან, ვინც „ქართული ოცნების” ყულაბას წინა წლებშიც ავსებდა - უმრავლესობა ბიზნესმენი. და მათ შორის ისინიც, ვინც 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სწირავდა ფულს. ტრადიციულად, შემომწირველებს შორის არიან პარტიასთან დაახლოებული პირებიც.

2021 წელს მმართველი პარტიის შემოწირულებების ანალიზი აჩვენებს ორ ტენდენციასაც:

  • იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი თქმით, პოლიტიკიდან წავიდა, მის მიერ შექმნილი პარტია დიდწილად კვლავ მის გარშემო მობილიზებული ფინანსებით იკვებება;
  • პარტიის შემომწირველებს შორის თითქმის არ არიან პოლიტიკოსები და ყულაბა ძირითადად ბიზნესის ფულით ივსება. 2021 წელს შემომწირველებს შორის აღარ ჩანან პარტიის ისეთი ერთგული შემომწირველი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი და ახლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატი, ზაალ დუგლაძე ან თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელსაც 2020 წლის ჩათვლით 330 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული.

„ქართული ოცნების“ ძველი ახალი შემომწირველია ბიზნესმენი გოგი თოფაძე, რომელმაც 11 მარტს 60 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. მას 2014-დან ამ დრომდე ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის ჯამში 180 000 ლარი აქვს გადარიცხული. 50 000 ლარი შესწირა პარტიას მისმა შვილმა, ირაკლი თოფაძემაც - მას ამ დრომდე 130 000 ლარი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული. წინა წლებში თოფაძეები ასევე აფინანსებდნენ პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, თუმცა გოგი თოფაძეს, მის მიერ დაფუძნებული პარტიისთვის შედარებით ნაკლები თანხა აქვს შეწირული, ვიდრე „ოცნებისთვის”.

8 400 ლარი შესწირა პარტიას თამაზ თამაზაშვილმა 5 მარტს - ის მმართველი პარტიის მხარდამჭერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. თამაზაშვილს 2013 წლიდან (მხოლოდ 2016 წელი ჩააგდო) დღემდე 57 185 ლარი აქვს „ოცნებისთვის” გადარიცხული.

26 იანვარს 50 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა - ამდენივე გაიღო მან 2020 წელსაც პარტიის სასარგებლოდ. ალექსანდრე ივანიშვილს სულ პოლიტიკურ შემოწირულებად 312 300 ლარი აქვს გაღებული, მაგრამ მისი თანხები მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიულ ყულაბაში არ გადარიცხულა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე მისი ძმა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში მყოფ პარტიებსაც ეხმარებოდა.

27 000 ლარი შესწირეს პარტიას საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურასთან დაკავშირებულმა პირებმა, ნუგზარ და გიორგი დეკანოიძეებმა. მათ ჯამში პარტიისთვის 77 000 ლარი აქვთ შეწირული, თუმცა საფეხბურთო კლუბ ჩიხურასგან, მათ გარდა, სხვადასხვა წლებში სხვებიც სწირავდნენ თანხებს „ქართულ ოცნებას“ - მაგალითად, 2020 წლის 2 აპრილს, პანდემიის საწყის ეტაპზე 50 000 ლარი შესწირა საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურის გამგეობის წევრმა, ლერი კაპანაძემ მმართველ პარტიას და ეს იყო პარტიის ანგარიშზე მისი მერვე ტრანში - „ქართული ოცნებისთვის“ ლერი კაპანაძეს 250 000 ლარზე მეტი აქვს გადარიცხული.

თითქმის ნახევარ მილიონამდე თანხა გაიღეს “ლილო მოლთან” დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა - ეს ჯგუფი [დავით გაგუა, თენგიზ გავაშელი, ლევან გაგუა, ვაჟა უსანეთაშვილი, დავით კაპანაძე, გია ანდღულაძე, გიორგი გაგუა, ბაჩო კაპანაძე] ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად სწირავს პარტიას მსხვილ თანხას.

ტრადიციულად პარტიის ბიუჯეტს ამჯერადაც ავსებენ ბანკ და ფონდ ქართუს თანამშრომლები. ქართუსთან დაკავშირებული პირები პარტიის მიმართ გულუხვობით ისტორიულად გამოირჩევიან და ამაზე ხშირად მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამის ანგარიშებში.

  • 27 იანვარს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ. მას 2012 წლიდან დღემდე 362 600 ლარი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული.
  • 18 იანვარს რიგით მეშვიდე შემოწირულება გააკეთა და 40 000 ლარი გადაურიცხა პარტიას ფონდ ქართუს და დაზღვევის კომპანია ქართუს ფინანსურმა დირექტორმა გივი ლებანიძემ. მას „ქართული ოცნებისთვის“ სულ 200 000 ლარამდე აქვს შეწირული.
  • 25 იანვარს 40 000 ლარი გადარიცხა პარტიის ანგარიშზე ფონდ ქართუს ოპერაციების დირექტორმა დავით გალუაშვილმა. ის 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად ურიცხავს პარტიას ფულს და ამ დროისთვის 265 429 ლარი აქვს შეწირული.
  • 25 იანვარსვე 50 000 ლარი შესწირა პარტიას კახა კობიაშვილმა, ფონდ ქართუს გამგეობის წევრმა.
  • 45 000 ლარი შესწირა პარტიას ფონდის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ გოგუამ და 40 000 ლარი - ფონდის რისკების დირექტორმა ბექა კვარაცხელიამ.

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. 2021 წლის პირველ სამ თვეში მმართველო პარტიის 95 შემომწირველიდან 23-მა მაქსიმალური ოდენობის შემოწირულება, 60 000 ლარი გაიღო.

„ქართული ოცნება“ ამ დროისთვის არის პარტია, რომელსაც არა მხოლოდ პანდემიის დროს, ყველაზე მეტი შემოწირულება აქვს მიღებული გასული 10 წლის განმავლობაში.

2021 წლის დასაწყისში, პირველი იანვრიდან 5 აპრილის ჩათვლით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის და ლეიბორისტული პარტიის შემოწირულებები ჯამში 350 000 ლარამდეა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 24 შემომწირველმა 264 041 ლარი გადაურიცხა, ამ 24 შემომწირველიდან ყველაზე მეტი, მაქსიმალური თანხა - 60 000 ლარი ნინო ყიფიანმა გაიღო, რომელმაც პარტიას პირველად შესწირა. ის მეწარმეთა რეესტრში არ იძებნება. პარტიის შემოწირულებებს შორის 20 და 100 ლარის ოდენობის გადარიცხვებიც არის.

87 750 ლარი მოაგროვა 2021 წლის პირველ სამ თვეში ევროპულმა საქართველომ, რომლის 11 შემომწირველიდან ყველაზე მეტი პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და დავით ავალიანმა გადარიცხეს - ორივეს შემოწულობა 20 000 ლარზე ნაკლებია.

ლელოს ანგარიშზე ჯამში 13 000 ლარი 2 შემომწირველს, თორნიკე ჯინჭველეიშვილს და ნიკოლოზ შურღაიას ეკუთვნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG