Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში გადაასვენეს ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქე


ენგურის ხიდის გავლით, ზუგდიდიდან ოკუპირებულ გალის რაიონში გადაასვენეს მდინარე ენგურით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული თამაზ ბასლანძე. 62 წლის თამაზ ბასლანძე სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი იყო.

ცხედარი კატაფალკით მიასვენეს ენგურის ხიდამდე, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა ელოდებოდა. თამაზ ბასლანძის ცხედარი გააცილა მისმა ნათესავმა, გალის რაიონიდან დევნილმა მარინა ბიგვავამ. დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ მას მისცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.

„ცოცხლები ვერ გადმოვიდნენ და ენგურის ხიდით გარდაცვლილებს ვაცილებთ. ეს იმის შედეგია, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტილია”, - უთხრა მედიას მარინა ბიგვავამ. ის უერთდება გალელების მოთხოვნას, რომ გაუქმდეს აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული 5-დღიანი კარანტინი. მარინა ბიგვავას განცხადებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა შემოვლითი გზებით უწევთ.

წუხელ, ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული თამუნა ცატავას ცხედარიც. 30 წლის თამუნა ცატავა სოფელ წარჩეში ცხოვრობდა. კიდევ ორ დაღუპულს, ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას წარჩეში ხვალ გადაასვენებენ. ამჟამად მათი ცხედრები ზუგდიდში, ნათესავის სახლშია დასვენებული.

მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს. ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია. აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში ენგურის ხიდის გავლით ჩასული მოქალაქეები 5 დღით კარანტინში გადაჰყავთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG