Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებელი პოლიტპატიმარია


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ კლინიკა ლანცეტისდამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდის, პოლიტპატიმარია.

ფარმან ჯეირანლი საქართველოში 2017 წელს დააპატიმრეს. იმავე წელს თბილისში თავშეფარებული რამდენიმე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მოხვდა ბაქოს ციხეში. ჯერ კიდევ დაკავებისას კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ირწმუნებოდა, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმან ჯეირანლი საქართველოს მოქალაქეა, მას კავშირი ჰქონდა აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან, თუმცა, მისივე თქმით, ეს კავშირი არ გულისხმობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.

აფგან მუხთარლი, რომელმაც დღეს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა ფარმან ჯეირანლის საქმეს, ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებელი ოპოზიციას აფინანსებდა.

„2017 წელს დააპატიმრეს თბილისიდან ბაქოში მიმავალი ბლოგერი და პოლიტიკური აქტივისტი მეჰმან გალანდაროვი, შემდეგ ის ციხეში მოკლეს. ამის მერე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააპატიმრეს გოზელ ბაირამლე, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წარმომადგენელი. ამის შემდეგ დააპატიმრეს ფარმან ჯეირანლი და შემდეგ მე მომიტაცეს.

მეჰმანს აიძულებდნენ სხვების - მათ შორის ჩემი და ფარმან ჯეირანლის - წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ის არ დათანხმდა. როდესაც აზერბაიჯანში გოზელ ბაირამლეს პროცესი იყო, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა განცხადება გააკეთა ყველა ჩვენგანზე, მათ შორის ფარმან ჯეირანლიზეც, სადაც ეწერა, რომ ის აზერბაიჯანის ოპოზიციას აფინანსებდა. როდესაც აზერბაიჯანში დამკითხეს, ფარმანზეც მეკითხებოდნენ, რა ურთიერთობა მქონდა მასთან. ჩვენ უბრალოდ ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩაის ვსვამდით ხოლმე“, - ამბობს აფგან მუხთარლი.

„თქვენს ხელისუფლებას არ უნდა, რომ საქართველოში იყვნენ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები“, - უთხრა აფგან მუხთარლიმ რადიო თავისუფლებას 9 აპრილს მიცემულ ინტერვიუში.

აფგან მუხთარლი — უკან თბილისში, საიდანაც გაიტაცეს
please wait

No media source currently available

0:00 0:07:02 0:00

პოლიტპატიმრები აზერბაიჯანში

მეჰმან გალანდაროვი, რომლის შესახებაც აფგან მუხთარლი ლაპარაკობს, 2017 წელს აზერბაიჯანის ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ, თუმცა აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მაშინვე აცხადებდნენ, რომ ეს მკვლელობა იყო.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მეჰმან გალანდაროვის საფლავზე.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მეჰმან გალანდაროვის საფლავზე.

რაც შეეხება „სახალხო ფრონტის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე გოზელ ბაირამლის, ის 2017 წლის მაისში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. ბაირამლი დამნაშავედ ცნეს არადეკლარირებული ნაღდი ფულის კონტრაბანდაში. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაკავებულს უპოვეს არადეკლარირებული 12 000 დოლარი, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და ფული ჩანთაში ჩაუდეს.

მას კიბო ჰქონდა, ციხეში წამლებს არ აძლევდნენ და როდესაც გამოვიდა, მალევე გარდაიცვალა“, - ამბობს აფგან მუხთარლი.

აზერბაიჯანის პოლიცია აკავებს გოზელ ბაირამლის, 2011 წელი.
აზერბაიჯანის პოლიცია აკავებს გოზელ ბაირამლის, 2011 წელი.

თავად მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, აზერბაიჯანის სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 2020 წლის მარტში კი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეცრეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. თბილისში მუხთარლი აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა.

ლანცეტის“ საქმე

„4 წელია, 64 წლის კაცი კამერაშია. მძიმე არითმია აქვს. მარტში 20 დღე შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ითხოვდა სამაჯურით მაინც გაეშვათ შინაპატიმრობაში. ორჯერ შედგა კომისია, ორჯერვე უარი უთხრეს“, - ამბობს ფარმან ჯეირანლის მეუღლე, ჯეირან აღამირზე.

ფარმან ჯეირანლი ციხეში მას შემდეგ მოხვდა, რაც მის წინააღმდეგ საჩივარი „ლანცეტის“ პაციენტების, გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის, ახლობლებმა შეიტანეს. ჩუბინიძე და კეკელიძე „ლანცეტში“ გაკეთებული ღვიძლის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ფარმან ჯეირანლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ჯეირანლი კლინიკის მხოლოდ მფლობელი და დამფუძნებელი იყო, ოპერაციებთან მას შეხება არ ჰქონია და, შესაბამისად, მისთვის რამის დაბრალება არ შეიძლებოდა, თუმცა კეკელიძისა და ჩუბინიძის ახლობლების ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ირწმუნება, რომ ჯეირანლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დირექტორობასაც ითავსებდა, აღნიშნულ ოპერაციებზე კი კლინიკას შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. მისივე თქმით, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩუბინიძეს ეს ოპერაცია არც სჭირდებოდა, კეკელიძეს კი, მართალია, სჭირდებოდა, მაგრამ არა დაუყოვნებლივ, როგორც ამას კლინიკაში აცხადებდნენ.

აფგან მუხთარლისგან განსხვავებით, ჯეირანლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კატეგორიულად ვერ ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტპატიმარია, თუმცა ამბობს, რომ მის საქმეში პოლიტიკური მოტივი ნამდვილად იკვეთება.

„თავიდან თაღლითობის ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ბრალდება შეუცვალა (თაღლითობის ნაცვლად ამჯერად გულგრილობის მუხლით გაასამართლეს). ორი წელი და სამი თვე მიუსაჯა. ახლა ორი წლის გამოსული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ორი კვირა რომ ჰქონდა დარჩენილი, უზენაესმა სასამართლომ პროცესი არც კი ჩაატარა, ისე, კვლავ თაღლითობის მუხლი შეუფარდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული“, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

ამჯერად ფარმან ჯეირანლი და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ მაისში, მას შემდეგ, რაც ჯეირანლის პატიმრობის 4 წელი შეუსრულდება, ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG