Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ჯავახიშვილის 6 ნომერში - ძეგლის რეაბილიტაცია თუ ვანდალიზმი? 


თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის ფასადიდან ჩამოხსნეს ბარელიეფები, რომელიც ამ ნაგებობის ხასიათს ქმნიდა. საზოგადოების ნაწილი ღელავს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფასადურ რეაბილიტაციას შეეწიროს.

თბილისის განვითარების ფონდში, რომლის ინიციატივითაც ტარდება სარემონტო სამუშაოები, ამბობენ, რომ ვნებათაღელვა ძეგლის გარშემო, სრულიად უსაფუძვლოა.

ჯავახიშვილის 6 ნომრის რეაბილიტაცია წინამძღვრიშვილის პირველი ნომრის რეაბილიტაციის ნაწილია. ეს ერთიანი შენობა, რომელიც სამ, წინამძღვრიშვილზე, ჯავახიშვილსა და ტოლსტოის ქუჩებზე ქმნის სამკუთხედს, სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია დიდი შიდა ეზოთი და აივნების სისტემით.

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული და სამ ქუჩაზე გამავალი ნაგებობის რეაბილიტაციის იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს არსებობდა, თუმცა საბოლოოდ მისი აღდგენის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო თბილისის განვითარების ფონდმა და ტენდერის შედეგად კომპანია „იკორთა 2007“-თან დადო თითქმის 7 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 2017 წელს ფონდმა მილიონ-ნახევარი გადაიხადა რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც შპს “რესტავრატორები და კომპანიას” დაუკვეთა. ძვირადღირებულ პროექტს დაახლოებით 60 მოსახლის საცხოვრებელი პირობები უნდა გაეუმჯობესებინა და შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ავთენტური, ტიპური თბილისური ნაგებობები.

„ორივე შენობა აშენებული იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ორივე სახლი ეკუთვნოდა ერთი და იმავე მეპატრონეს, ხოლო ამ სახლების ძველი მაცხოვრებლების მოგონებებით თუ ვიმსჯელებთ, მათი მფლობელი იყო თბილისელი კომერსანტი, ვინმე მილოვი. ორივე შენობის სარდაფების და პირველი სართულის დიდი ნაწილი იყო კომერციული დანიშნულების. #6 შენობაში განლაგებული იყო საცხოვრებელი ბინები (მათ შორის ერთ-ერთში ცხოვრობდა თვითონ სახლის მესაკუთრე), ხოლო #1 შენობის ზემო სართულებზე განთავსებული იყო სასტუმრო (რასაც ამტკიცებს, თვითონ შენობის შიდა გეგმარება – დერეფნების სისტემა, პატარა ოთახებით ორივე მხარეს). უნდა აღინიშნოს, რომ სარდაფის სართულის დონეზე, #1-ის ძირითადი შენობა თავისი ფლიგელით და #6-ის ძირითადი შენობა თავისი ფლიგელით, დაკავშირებულია ერთი საერთო შემოვლითი გალერეით, შიდა ეზოს მხრიდან. ორივე შენობის ფასადი, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩის და ი.ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან, წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის, ქალაქის განაშენიანების ერთ-ერთ საინტერესო და დასამახსოვრებელ სახეს”, - წერს არქიტექტორი ალა პროზოროვა, თბილისის განვითარების ფონდისთვის მომზადებულ დოკუმენტში. ის შენობის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია.

პროექტის კონსტრუქტორი, ზურაბ ოქროშიძე თვლის, რომ შენობები იმდენად არის დაზიანებული, რომ მათი ისე აღდგენა, რომ სრულად აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებს და წესებს, შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ:

  • შენობის მზიდი კონსტრუქციები გაძლიერდეს ისე, რომ უზრუნველყოს შენობების საიმედოობა და დაცული იყოს მობინადრეთა სიცოცხლე;
  • არქიტექტურული კუთხით შენარჩუნებულ იქნეს შენობის ისტორიული იერსახე.

დღეს საზოგადოების მღელვარება სწორედ იმან გამოიწვია, რომ გაჩნდა ეჭვი შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

წინამძღვრიშვილის მხრიდან ნაგებობას, რომელიც უხვად არის დატვირთული როგორც ბარელიეფებით, ასევე ორნამენტებიანი აივნებით, რესტავრატორები და მშენებლები ფასადიდან ხსნიდნენ ფიგურებს და ორნამენტებს და ამბობდნენ, რომ ისინი ისეა დამპალი, უკან ვეღარ მიამაგრებდნენ.

„ეს დამპალი ფიგურა შეიძლება კედელზე დაამაგრო? ეს კედელზე უნდა დაამაგრო? შეხედე დამპალ ფიგურებს. ეს არის დამპალი, შეხედე დამპალ ფიგურებს. რაც მაგრდება, აგერ მოხსნილი გვაქვს. რესტავრაცია დამპალს კი არ უკეთდება, მკვდარი კი არ ცოცხლდება. კარგი უნდა გააკეთო”, - უთხრა რესტავრატორმა კახა შამანაურმა აქტივისტ ნატა ფერაძეს, როცა ის შენობიდან ჩამოხსნილი ორნამენტების ბედით დაინტერესდა. მშენებლობაზე მყოფი პირები ცდილობდნენ იმის ახსნას, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, პროექტითაა გათვალისწინებული და შეთანხმებულია მერიასთან, მათ შორის, კედლის გაფორმების ჩამოხსნა ფასადიდან.

„ეს არ არის რეაბილიტაცია, ესაა ვანდალიზმი, ასე ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა”, - უხსნიდა ნატა ფერაძე მშენებლებს და ვერ იღებდა პასუხს, რატომ გახდა საჭირო საღი დეკორაციის ჩამოხსნა კედლებიდან.

„გავაჩერებთ, მოვაწყობ ყველაფერს ისე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ნახვა და გადავწყვიტოთ”, - თქვა თბილისის განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანიის, „იკორთა 2007“-ის დირექტორმა გია ხურცილავამ.

„ხდება დაპარალელება ნალესობის ჩამოხსნის და ორნამენტების ჩამოღების”, - ასე აღწერს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, გიორგი ტვილდიანი შენობის რეაბილიტაციის მიმდინარე ეტაპს და ხსნის, რომ საღი და კარგად შენახული ორნამენტების ჩამოუხსნელად რესტავრაცია შეუძლებელი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ნალესობა დაზიანებული იყო. იგი ამტკიცებს, რომ ჩამოღებისას სახლის დეკორაცია არ ზიანდება.

ტვილდიანი თვლის, რომ სრულიად უსაფუძვლო ვნებათაღელვა გამოიწვია ფასადის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებმა და ამბობს, რომ დღეს ჩამოხსნილი ორნამენტების უდიდესი ნაწილი რესტავრირდება და ისევ განთავსდება ფასადზე. მისივე თქმით, მხოლოდ მცირე ნაწილია ისე დაზიანებული, რომ ფიზიკურად არ დაექვემდებარება აღდგენას და ამ შემთხვევაში მათი ახალი ანალოგები დამზადდება.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტაციის შემდეგ სახლი ჯავახიშვილის 6 ნომერში
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტაციის შემდეგ სახლი ჯავახიშვილის 6 ნომერში

„ის სამუშაოები, რაც ახლა ხორციელდება, წინათვე იყო დაგეგმილი. ნალესობის ჩამოხსნა, რაც დღეს იყო ლაპარაკის თემა, წინასწარვე დოკუმენტით გვქონდა მიღებული. შესწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩემი აზრით უსაფუძვლოდ მოითხოვეს, იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური გუნდია ჩართული. იქ ხელოვნებათმცოდნეც არის, არქიტექტორთა დიდი კვალიფიციური გუნდია და ასევე კომპანია, რომლისგანაც ჩვენ გვაქვს საპროექტო დოკუმენტაცია შეძენილი”, - ამბობს გიორგი ტვილდიანი.

სანამ ამ სამ ნაგებობაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მერია უზრუნველყოფს მობინადრეთა სხვა საცხოვრებელს თვეში 400 ლარით, რაც ქირისთვის არის განკუთვნილი. რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივებმა უკეთესი საცხოვრებელი პირობები უნდა მიიღონ - თუკი მანამდე საერთო სველი წერტილებით და საზიარო სამზარეულოებით სარგებლობდნენ, რეაბილიტაციის შემდეგ ასე აღარ იქნება. განახლებულ სახლებში გადასვლის შემდეგ მათ ბინადრებს დაეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან რეაბილიტირებული შენობა ფასადის დაზიანებისა და იერსახის დამახინჯებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG