Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიშელის დოკუმენტი“ აქტივისტების თვალით


ზუსტად 50 დღის თავზე დაასრულა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მისია, რომელიც საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ისახავდა მიზნად. შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს წამოწყებული მედიაციის პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილს, ე.წ. "მიშელის დოკუმენტზე" - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, ხელმოწერით დასრულდა.

ოპოზიციის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელისმოწერის გადაწყვეტილებას, სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტებში. თუკი მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი იმ მთავარი მოთხოვნის ღალატია, რასაც ოპოზიციური სპექტრი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოითხოვდა და ამაში იგულისხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ერთ-ერთი გზა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი დაიძლიოს და თუკი ხელისუფლება დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ გაჩნდება და აღარც საერთაშორისო საზოგადოებაში.

„დოკუმენტს ხელი მოაწერეს ხალხის გარეშე დარჩენილმა პარტიებმა“

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ, "მიშელის დოკუმენტზე" ხელის მოწერის ცერემონიალი 19 აპრილის ღამეს, ორბელიანის სასახლესთან, თანამოაზრეებთან ერთად, ბანერით ხელში გააპროტესტა. ბანერზე ინგლისურ ენაზე წარწერა იყო დატანილი: „Early Elections Required“, ანუ, „მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს“.

ამ მოთხოვნით, გიორგი მუმლაძისა და მისი თანაგუნდელების კარავი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 26 თებერვლიდან დგას. პროტესტის დასრულების ერთ-ერთ გზად, მათ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების გათავისუფლების გარდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მიაჩნიათ.

დღეს, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ოპოზიციური სპექტრის მიერ ხელი უკვე მოწერილია, გიორგი მუმლაძე ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური პარტიები და ადამიანები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, „ხალხის გარეშე დარჩენილი პოლიტიკოსები არიან“. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, იმ ფონზე, როდესაც მოლაპარაკების ერთ მხარეს „ქართული ოცნება“ დგას, რომელიც მისი თქმით, აგრძელებს მათთვის მიუღებელი პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების რეპრესიებს, ყოველგვარ შეთანხმებაზე ლაპარაკი ალოგიკური და მცდარია.

გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მათი პროტესტი არ დასრულდება იმ დრომდე, სანამ მთავარი მოთხოვნის - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რეალური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მისი თქმით, პარლამენტის წინ კარვები დარჩება, მიმდინარე კვირიდან კი აქტივისტები რეგიონებში გასვლას იწყებენ, რათა ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის შესახებ ხალხს ინფორმაცია გააცნონ:

„ქართული ოცნება“ აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, მათ შორის, აქტივისტების მიმართ. რამდენიმე ათეული ადამიანის მიმართაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ. ჩვენ არ შევეგუებით ამ პროცესს და გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აღმოიფხვრას პოლიტიკური ნიშნით დევნა. 15 მაისისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ჩამოვიყვანოთ. თუ პარტიები არ იზამენ ამას, ჩვენ, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია და ხალხს ეკუთვნის, ჩვენ ვიზამთ ამას, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ უკეთესი ქვეყნისთვის. კარავი პარლამენტთან დარჩება იმ დრომდე, სანამ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში არ შევა. ჩვენ რუსთაველზე ძალიან ბევრ ადამიანს მოვიყვანთ და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ვეტყვით, რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ყველგან და ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეთ“.

„ეს რომ ოპოზიციის გამარჯვება არ არის, ნამდვილად შემიძლია ვთქვა“

ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ოპოზიციამ იჩქარა“. მისი ვარაუდით, თუკი ოპოზიციური სპექტრი შეთავაზებულ დოკუმენტს არ დათანხმდებოდა და ერთიანობას კიდევ ცოტა ხნით შეინარჩუნებდა, „ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი იქნებოდა“.

ალიკა კუპრავა ამბობს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა დოკუმენტზე ხელმოწერების დასმის შემდეგ, საკუთარი ამომრჩეველი უიმედობაში ჩააგდეს და გაუცრუეს ექვსთვიანი მოლოდინის იმედი, როდესაც ისინი ელექტორატს არწმუნებდნენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდოდნენ პარლამენტში, თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა:

„ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვერ გათვალა ეს ყველაფერი და სადღაც შეცდომა დაუშვა, ან თავიდანვე არ იყო მყარი ერთობა, ეს იყო მოჩვენებითი ერთობა და რეალურად, პარტიები სხვადასხვა რაღაცისთვის იბრძოდნენ“.

ალიკა კუპრავა დარწმუნებულია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ქვეყანაში არსებულ „ვერანაირ კრიზისს ვერ აღმოფხვრის“:

„შესაძლოა ეს კრიზისი უფრო მეტადაც გაღრმავდეს, რადგან ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდოს და ოპოზიციამ შესაძლოა, საკუთარი ამომრჩეველიც კი დაკარგოს. მე ვაკვირდები ადამიანების განწყობებს და არის მსგავსი მოლოდინი და საფრთხე. სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვანაირად შეუძლებელია შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ჩემი აზრით, ამ დოკუმენტის ხელმოწერის ერთ-ერთი მიზეზი, პატარა პარტიებისთვის იყო მომავლის გადარჩენა, რადგან დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი ბარიერთან დაკავშირებით, რაც ამ ტიპის პარტიებისთვის მომხიბვლელი აღმოჩნდა“.

რაც შეეხება დოკუმენტში ჩადებულ ერთ-ერთ მთავარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ, რომელიც 2022 წელს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს, თუკი 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს", ალიკა კუპრავა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება და პირობა აბსურდული და ალოგიკურია:

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიკურად სულ სხვა არჩევნებია და ის განსხვავდება ეროვნული არჩევნებისგან. ადგილობრივი არჩევნების წონა ამომრჩევლის თვალში არის შედარებით დაბალი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების. ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ მაგალითად, ემიგრანტები, ადამიანები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან რეგიონში, თუმცა, ცხოვრობენ, მაგალითად, დედაქალაქში. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნების დროს, არ ჩადიან საკუთარი რეგისტრაციის ადგილას და არ ირჩევენ მათი სოფლის წარმომადგენელს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხელისუფლება მაქსიმალურად ახდენს ხოლმე პოტენციური მხარდამჭერების მობილიზებას, ამიტომ პრინციპულად არასწორი მგონია ვადამდელი არჩევნების მიბმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“.

„ეს არ არის საუკეთესო დოკუმენტი, რაც ოდესმე წაგვიკითხავს, მაგრამ არის ოპტიმალური გამოსავალი“

ერთ-ერთი მთავარი საჯილდაო ქვა, რომელიც "მიშელის დოკუმენტში" დევს და რომლის შესახებაც კითხვის ნიშნები აქვთ დოკუმენტის მომხრე თუ მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებს, ეს არის ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც უნდა შეეხოს „2019 წლის 19-20 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების საფუძველზე, მაგალითად, საპატიმრო უნდა დატოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, მაგრამ ამასთანავე, ამავე ამნისტიის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა ის სამართალდამცავი, ვინც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა აქციის მონაწილეებს.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი აქვს დოკუმენტთან დაკავშირებით მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტს შოთა დიღმელაშვილს, მას მაინც მიაჩნია, რომ ე.წ. "მიშელის დოკუმენტზე" ხელის მოწერა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. აქტივისტი ამბობს, რომ „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მართალია, ეს არ არის საუკეთესო დოკუმენტი, რაც კი ჩვენ წაგვიკითხავს, მაგრამ არის ოპტიმალური გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ ზიანი“.

შოთა დიღმელაშვილი ფიქრობს, რომ ის სადაო პუნქტი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიას შეეხება, ოპოზიციურმა სპექტრმა პარლამენტის შიგნიდან უნდა შეცვალოს:

„ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგნი ვიყავით ამ ჩანაწერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერში არ არის საუბარი კონკრეტულ მუხლებზე. კონკრეტული მუხლები უნდა დადგინდეს საპარლამენტო მუშაობით და ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის პრინციპული პოზიცია და ჩართულობა, რომ ის მუხლები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობისათვის შეიძლება შეეფარდოთ პირებს, არ შევიდეს ამნისტიის პროექტში“.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი ფიქრობს, რომ შეთანხმების დოკუმენტის უგულვებელყოფა საქართველოსთვის ისტორიული შეცდომის ტოლფასი იქნებოდა:

„ისეთი განცდა, მაქვს, რომ საქართველო ახლა იმყოფება იქ, სადაც ის იყო 1921 წელს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლეთისკენ შემობრუნება ერთი და ორი წლის საქმე არ არის და ამას ათწლეულები სჭირდება. ახლა ფეხის გადაცდენა და ხელის კვრა, ათწლეულებით დააშორებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. გასაგებია, რომ ამით პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე არ ამოიწურება, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ. შარლ მიშელის წინადადება იყო ბოლო წინადადება. ვიცით, რომ "ქართული ოცნება" არ არის სანდო პარტნიორი, ზოგადად, პარტნიორის კონტექსტში მათზე საუბარი, უხერხულიც კია, მაგრამ ახლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორია არა „ქართული ოცნება“, არამედ, დასავლეთი. მე არცერთი წამით არ ვენდობი „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვენდობი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“.

შოთა დიღმელაშვილისთვის "მიშელის დოკუმენტი" მნიშვნელოვანია მასში არსებული სხვა არაერთი ჩანაწერის და პუნქტის გამოც. მაგალითად, მათ შორისაა, ჩანაწერი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიმართულებით, ასევე, ჩანაწერი პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების შესახებ. მისი თქმით, „მთელ ამ გაწამაწიაში“, იკარგებოდა სისტემური ცვლილებების მნიშვნელობა, რაც ამ დოკუმენტში უკვე ღიად დაფიქსირდა:

„ეს ის დოკუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, სისტემური ცვლილებები, რაც გულისხმობს მაგალითად, ძალაუფლების დანაწილებას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გარანტია, რომ როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ძალაუფლების კონცენტრაცია ისეთი ვეღარ იქნება, რომ ეს ქვეყანაზე ნეგატიურად აისახოს. გარდა ამისა, სასამართლოს რეფორმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და ა.შ. ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ“.

შეგახსენებთ, 19 აპრილს, ორბელიანის სასახლეში, შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება ოპოზიციას, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა. ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი დოკუმენტს „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 20 აპრილს, დოკუმენტს „ევროპული საქართველოს“ სიიდან შეუერთდა არმაზ ახვლედიანი და ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალი გუნდის წევრები პარლამენტიდან. 20 აპრილს მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

დოკუმენტი ღიაა ხელმოსაწერად საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრებისთვის, რომლებსაც ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში 20 აპრილის დილიდან ელიან. მოაწერს თუ არა ხელს მიშელის დოკუმენტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ამ გადაწყვეტილებას პარტიაში, სავარაუდოდ, 20 აპრილს მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG