Accessibility links

site logo site logo

პანკისში "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა


პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და „რიონის ხეობის მცველებს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის ორგანიზატორის, თემურ ცათიაშვილის თქმით, „პანკისელებს ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ იზიარებს“ და თუ საჭირო გახდება, „რიონის ხეობის მცველებს“ ფიზიკურადაც შეუერთდებიან.

„ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს. მართალია, პროტესტის გამო აქ სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ჰესის აშენებაზე საბოლოოდ უარს არ ამბობენ. მხარს ვუჭერთ და სრულად ვიზიარებთ რიონის ხეობის მცველების მოთხოვნას. თუ საჭირო გახდა, ჩვენ იმერეთშიც ჩავალთ და ადგილზე მივიღებთ მონაწილეობას აქციებში. ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ხალხს უნდა მოუსმინოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თემურ ცათიაშვილმა.

აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში
აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში

პანკისში გამართული აქციის მონაწილეებმა გაახმაურეს იგივე მოთხოვნები, რაც „რიონის ხეობის მცველებს“ აქვთ:

  • გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკასათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

„ხადორი 3“-ის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია. აქციის მონაწილეები კახეთში დაგეგმილი კიდევ ერთი ჰესის მშენებლობასაც აპროტესტებენ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურზე, სადაც სოფლიდან დაახლოებით 5-7 კილომეტრში მცირე ჰიდროელექტროსადგურის - „ლოპოტა 1“-ის მშენებლობა იგეგმება.

მოსახლეობის პროტესტის გამო სამშენებლო სამუშაოები ჯერჯერობით ლაფანყურშიც შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG