Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ინიციატივას, თუ იგი მიშელის დოკუმენტში აისახება


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სურვილი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ, მაშინ „ლელო“ მხარს დაუჭერს მას.

„რა თქმა უნდა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა. თუ მისი[ნიკა მელიას] სურვილი იქნება ასახული ამ დოკუმენტში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მის ინიციატივას მხარს, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანის ნება, რომელსაც შეიძლება შეეხოს ამნისტია. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დოკუმენტი შეიძლება მხოლოდ მოდიფიცირებულ იქნეს მედიატორის მიერ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

თუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამ შინაარსის წერილი ნიკა მელიას ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, - ნათქვამია მელიას განცხადებაში, რომლის ადრესატები არიან როგორც "ქართული ოცნება", ოპოზიციური პარტიები. ოპოზიციურ პარტიებს კერძოდ, ნიკა მელია სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა "ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია".

"არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას", - წერს ნიკა მელია.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG