Accessibility links

site logo site logo

რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით


18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ახალ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა, ამ პუნქტებთან დაკავშირებით წერია*:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

  • საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
  • გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები:

1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები.

2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.

(31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები ამნისტია/ან სხვა ანალოგური შედეგის მომტანი ზომები)

მომავალი არჩევნები

  • ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
  • პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“
  • პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.
  • 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე

(31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები კონკრეტული მექანიზმი და ვადა, რა შემთხვევაში და როდის დაინიშნებოდა ახალი არჩევნები)

ახალი წინადადების შესათანხმებლად 18 აპრილს ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, მმართველი პარტიის გარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ხელს აწერდა 31 მარტის დოკუმენტს და სთავაზობდა ოპოზიციას, განეხილათ ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპის გათვალისწინებით.

18 აპრილის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადება არის საბოლოო და ევროკავშირი ელის მხარეების გადაწყვეტილებას ხელმოწერასთან დაკავშირებით.

*განახლება: თავდაპირველი ვერსია ჩანაცვლებულია ევროკავშირის ოფიციალური თარგმანით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG