Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაციას მართავს


ულტრანაციიონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაციას თბილისში, 9 აპრილის ბაღში მართავს. ბაღში შეკრებილ თანამოაზრეებს მან საკუთარი ოჯახი წარუდგინა, სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სულ მალე გადაიქცევა პარტიად და ხალხის მხარდაჭერით შეცვლის „გამოუვალ ვითარებას“ საქართველოში:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები. მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობს საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის განმარტებით, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი არასწორი იდეოლოგიისა და არასწორი პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში მოექცა. პრეზენტაციაზე მან თქვა, რომ ფუჭი დაპირებებისთვის არ მოდის პოლიტიკაში და ყველას ეპატიჟება ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში ქვეყნის გადასარჩენად.

ლევან ვასაძის შეხვედრა თანამოაზრეებთან ამ წუთებშიც გრძელდება.

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლისა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი" დაფუძნების შესახებ 6 მაისს განაცხადა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამის მიზეზად დაასახელა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური კრიზისი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი მისთვის „დანიელსონის დოკუმენტის“ ხელმოწერა იყო.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ბიზნესმენი ლევან ვასაძე ერთ-ერთი იყო, ვინც იმუქრებოდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. მოგვიანებით იგი სათავეში ჩაუდგა ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც კომბლებით და ქამრებით აპირებდნენ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ჩაშლასაც.

ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.

XS
SM
MD
LG