Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდი" ვასაძეს საჩუქრად უგზავნის ბილეთს ლევან აკინის ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად


ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება, „თბილისი პრაიდი" ბილეთს საჩუქრად უგზავნის.

„თბილისი პრაიდის" გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად", - წერს „თბილისის პრაიდი" „ფეისბუკზე".

„თბილისი პრაიდი" ეხმაურება ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას, რომ მან უცხოეთში დაგეგმილ ღონისძიებაზე წასვლა გადადო.

„ვაცნობიერებთ, რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება", - აღნიშნავს „თბილისი პრაიდი".

5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვასაძე ხალხს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც მან თქვა, შეკრებილები გაიყოფიან და თბილისში მდებარე ხუთივე კინოთეატრში მივლენ, სადაც კინოჩვენება იგეგმება.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG