Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში.

"დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", – ნათქვამია განცხადებაში.

მედიასა და სოციალურ ქსელში 16 მაისს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

დღეს დილიდან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურ ქართელებს შორის პოლიცია და სპეცრაზმის ნაწილები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი), ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა. ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG