Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პასუხობს, რომ არ გადადგება


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიმართ მათი გეგმა არ იცვლება და კვლავ დიალოგს გეგმავენ მათთან. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნაზე, რომელიც მის გადადგომას შეეხებოდა, თქვა, რომ არ აპირებს.

"რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა. მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი და მოწოდება არ დამჭირდებოდა", - განაცხადა თურნავამ.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG