Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა თბილისში მსვლელობა დაიწყეს


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში მსვლელობა დაიწყეს. მათი მოთხოვნები და მათ შორის მთავარი მოთხოვნა - ჰესის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, უცვლელია.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული "მშრალი ხიდის" მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გუშინ დააანონსა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ქალაქის სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დაიწყებოდა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".

მოგვიანებით, მათ შეხვედრა შესთავაზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მალევე კი უარი თქვა, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეხვდეს, როგორც ამას მათი ერთ-ერთი პირობა ითვალისწინებდა.

"ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, ეს საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან, ასევე, განაცხადა, რომ კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის, ოღონდ სპეციალური ჯგუფის ფარგლებში.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო დღეს, 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG