Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს იძიებს რა ზიანი მიაყენეს რკინის ჯებირებს რიონის მცველებმა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში ექსპერტ-კრიმინალისტები გააგზავა და დაიწყეს შესწავლა, რა დაზიანებები მიაყენეს რკინის ჯებირებს "რიონის ხეობის მცველებმა" აქტივისტმა. ექსპერტები ზომავენ რკინის ჯებირებზე დაზიანებებს და ასურათებენ.

"დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტრო კანონდარღვევად აფასებს აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირებზე ქვებით ბრახუნს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა "ნივთის განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის" დგება და გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ან პატიმრობა ერთიდან სამ წლამდე.

რიონის ხეობის მცველები ხეობაში გუშინ ღამით თბილისიდან დაბრუნდნენ. მოთხოვნა კვლავ უცვლელია - შეჩერდეს "ნამახვანჰესის" მშენებლობა.

ხეობაში დაბრუნებულ აქტივისტებს სოფელ გუმათში რკინის ჯებირებით გადაკეტილი გზა დახვდათ. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ჯებირებს ხელს ურტყამდნენ და მის აღებას მოითხოვდნენ. აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ადგილზე დარჩებოდნენ და ასე შეუქმნიდნენ პოლიციას დისკომფორტს.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG