Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე - რვა ქალის ამბავი


სულ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც ართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის ანთეონში მეუღლესთან ერთად დაკრძალეს. რადიო თავისუფლება რვა გამონაკლისის, რვა ქალის შესახებ ყვება.

მარიამ მაყაშვილი

26 მაისს მთაწმინდაზე ერთი კუბოთი ორი ადამიანი დაკრძალეს - გიორგი კვინიტაძე და მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი. როგორც ამიხსნეს, გადმოსვენებისას მათი ძვლების განცალკევება ვერც შეძლეს“, - ამბობს პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი.

1921 წელს გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში მარიამ მაყაშვილთან ერთად წავიდა, მათთან ერთად იყო მათი სამი გოგონა (ივდითი, თამარი და ნინო) და ძიძა, ბაბალე მრელაშვილი.

„1921 წელს რუსების თავდასხმას რომ ელოდებოდნენ, თავდაცვის ფონდი შეიქმნა და ხალხი ძვირფასეულობას სწირავდა. მარიამ მაყაშვილმა მაშინ ვერცხლის კოვზები და კიდევ სხვა ვერცხლის ნივთები შესწირა.

ემიგრაციაში კვინიტაძეს ოჯახი რომ ერჩინა, ერთი პერიოდი გრამფირფიტების ქარხანაში მუშად მუშაობდა. მერე ბაბალეს გაკეთებული მაწონი ფრანგ ექიმს მიართვეს. მას იმდენად მოეწონა, რომ მაწვნის კეთება და გაყიდვა დაიწყეს. ამით ოჯახმა ცოტა სული მოითქვა. თვითონვე წერს მოგონებებში, გენერალი კაცი მემაწვნე გავხდიო“, - ჰყვება ისტორიკოსი მამუკა წურწუმია.

მაწვნის მზადება კვინიტაძეების ოჯახში
მაწვნის მზადება კვინიტაძეების ოჯახში

გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში 1970 წელს გარდაიცვალა. 10 წლით ადრე გარდაიცვალა მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი.

ორი ოლღა გურამიშვილი

მეუღლის, ილია ჭავჭავაძის გვერდით არის დაკრძალული ოლღა გურამიშვილი.

ილიას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ოლღა მთაწმინდაზე გადასახლდა, უნდოდა ქმრის საფლავთან ახლოს ყოფილიყო. მის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე დაწერილ წერილში ვკითხულობთ:

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო საკუთრებათ ნეტარ ხსენებულის ილია ჭავჭავაძის სახლი, მდებარე . ტფილისში, მეათე ნაწილში. ამ სასახლეში წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებამ დამითმო სადგომად სიკვდილამდენ, ეზოს მხრივ სამი ოთახი, სამზარეულო თავისი სარდაფით. ამ ოთახებში თუმცა მე დავბინავდი, მაგრამ სული მეკვეთებოდა, რადგან ერთი ოთახი ბნელია, მეორე პატარაა და მათში ჩემი ჭრილობებისა და ჯანმრთელობისთვის ნაკლები ჰაერია. მესამე კი ახლოა იმ პატარა ოთახთან, საიდანაც სიმყრალე გამოდის. ამ მიზეზისა გამო, მე ძალაუნებურათ დროებით ისევ ილიას კაბინეთში გადმოვსახლდი. მე დავრწმუნდი, რომ ჩემი დგომა ამ სახლებში, სადაც ილიამ და მე უკანასკნელი დრო გავატარეთ, შეუძლებელია როგორც ჩემთვის, ისე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვისაც...

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე
ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე

მსურს ვიდგე მთა-წმინდის უბანში გზის პირას. ამ ახალი ბინიდამ მე ხშირათ, ჩემ სანუგეშოდ, ავალ ხოლმე წმინდა დავითის მონასტერში მგოსანი ილიას ნეშტის თაყვანისსაცემად.

ამ სოფელში მე სხვა საგანი არა მაქვსრა, გარდა იმ სურვილისა, რომ მე ილიას სახელი ვადიდო და მოვიხსენიო, მანამ პირში სული მიდგას. ეს სოფელი წარმავალია, როგორც ჩემი სევდით გატანჯული ცხოვრება. მე ჩემ სიცოცხლეში თუ რამე მექნება, ყველა სახსარს და ღონეს ამას შევწირავ“.

ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე დიდ ჯიხაიშში.
ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე დიდ ჯიხაიშში.

მთაწმინდაზე დაკრძალულია კიდევ ერთი ოლღა გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძის მეუღლე. მაშინდელი ქალებიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა. იმ პერიოდში ქალი მასწავლებლები, არათუ საქართველოში, ზოგადად რუსეთის იმპერიაშიც კი ცოტანი იყვნენ.

ოლღა გურამიშვილმა და ნიკო ნიკოლაძემ 1883 წელს თბილისში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი პეტერბურგში დაბრუნდნენ, სადაც ნიკოლაძე იყო გადასახლებული. საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლეს. დასახლდნენ სოფელში, დიდ ჯიხაიშში. 1894 წელს ოლღამ აქ ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო. როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, დაინტერესებული იყო, რომ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობა საფუძვლიანად შეესწავლათ. იცოცხლა 1940 წლამდე და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ორი ნინო

მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის გვერდით უნდა იყოს დაკრძალული მისი მეუღლე, ნინო იაგორის ასული ჭილაშვილი, თუმცა დღეს მისი საფლავი შემორჩენილი არ არის.

საეკლესიო წიგნში მითითებულია, რომ მამადავითში წესი აუგეს სახელმწიფო მრჩეველის დიმიტრი ყიფიანის ქვრივს ნინო იგოროვნას (გვარი მითითებული არაა), რომელიც ასაკის გამო 1902 წელს 77 წლის გარდაიცვალა. დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. მანდ არც წარწერა, არც არაფერი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ის საფლავიც გააუქმეს, როგორც სხვა ყველაფერი“, - ამბობს მარინა დავითაშვილი.

საფლავი არის, მაგრამ დოკუმენტები - არა ლადო გუდიაშვილის მეუღლის, ნინო მგელაძის, განსასვენებელთან დაკავშირებით. ის 1995 წელს გარდაიცვალა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მოწითალო მარმარილოზე ლადო გუდიაშვილის სახელისა და გვარის ქვეშ დიდი ასოებით „ნინო“ -ც წერია, თუმცა პანთეონის დირექტორი ამბობს, რომ ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს.

ორი უცნობი ბავშვი

ცნობილი ფაქტია, რომ ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე, ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ იქვე არის ორი პატარა ბავშვის საფლავიც, ამ ბავშვების ვინაობა კი არავინ იცის.

იმ ადგილას ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილებიც იყვნენ დამარხულები, რომლებიც პატარაობისას სახადით გარდაიცვალნენ. 1929 წელს საფლავის ქვები აიღეს, მშენებლობისთვის გამოიყენეს და ამიტომ გაურკვეველია ამ ბავშვების ზუსტი ვინაობა“, - ამბობს მარინა დავითაშვილი.

მარიკა

სიმონ ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მარიკა ელიავა, ერთდროულად გახდნენ ავად. სიმონი თანდათან ბრმავდებოდა, მარიკას - კიბო სჭირდა. ავადმყოფობას ერთმანეთსაც უმალავდნენ და სხვა დანარჩენებსაც. როდესაც სიმონი გარდაიცვალა, მთაწმინდაზე დაკრძალეს. მარიკამ იცოდა, რომ მას პანთეონში არავინ დამარხავდა და ანდერძი დატოვა, დამწვით და სიმონის საფლავს ჩემი ფერფლი მოაბნიეთო.

„სტუდენტობისას გაიცნო სიმონმა მარიკა. სტუდენტობისას როგორ, სიმონს უნივერსიტეტი არც დაუმთავრებია, მიაჩნდა, რომ იქ ვერაფერს ისწავლიდა. შორიდან დაინახა და იკითხა, ვინ არისო. მერე მთელი ცხოვრება უყვარდა. სუსტი ფილტვები ჰქონდა მარიკას და ხან სად მკურნალობდა, ხან - სად, სიმონიც ყველგან ჩააკითხავდა ხოლმე. სიმონი რომ მოკვდა, მარიკამ წამლების მიღება შეწყვიტა, უნდოდა მალე მისწეოდა.

მარიკა 60-იან წლებში გარდაიცვალა, საქართველოში კრემატორიუმი არ იყო და მოსკოვში წაასვენეს. ფერფლის ნაწილი საფლავზე გაფანტეს, უფრო დიდი ნაწილი კი სიმონ ჩიქოვანის ფეხთით ჩაფლეს. სადღაც 10 წლის წინ ხელმოწერები შევაგროვე და, მერიის თანხმობით, მარიკას ფერფლი სიმონის გვერდით, იქვე გადავასვენეთ. ახლა მარიკას საფლავს წარწერაც აქვს“, - ჰყვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი შარლოტა კვანტალიანი.

ისევ ნინო

ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! ნინო აღარა მყავს! ეს საკმარისია, ჩემი სულისკვეთება, ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ კარგად გაიგო.

რამდენჯერმე დავაპირე დაწერა, მაგრამ ვერ შევძელი. ნინოს ვიხსენებ, გული მესკვნება, ცრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერ ვურიგდები. გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ ემორჩილება. ეს სიბერის და სისუსტის შედეგია“ ,- წერდა ექვთიმე თაყაიშვილი მეგობარს, იროდიონ სონღულაშვილს. წერილი ამჯერად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია, ივანე პოლტორაცკის შვილი იყო. საქართველოში მცხოვრები პოლონელი თავადები შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახად მიიჩნეოდნენ. ნინო რამდენიმე ენას ფლობდა. მუსიკალური განათლება პარიზში მიიღო. მოგვიანებით, როდესაც ემიგრაციის გამო ისევ საფრანგეთში მოუხდათ გადახვეწა, პროფესია გაიხსენა და პარიზში ფორტეპიანოზე უკრავდა, კონცერტებს მართავდა, რომ თავი ერჩინათ.

ძალიან მგრძნობიარე ყოფილა, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობდა ექვთიმესთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა. თავიდან ნინოს დიდი სიმდიდრე ჰქონია - მთაწმინდის მიწები. მაგრამ აღარაფერი შეარჩინეს. ექვთიმეს ბოლოს ერთ პატარა, სადაო ბინაში აღმოხდა სული. იხვეწებოდა, წიგნები მაინც მომაშორეთ, სუნთქვის საშუალება არა მაქვსო.

ნინო რომ ავად იყო, ექვთიმე ბოლომდე საავადმყოფოში, თავთან ეჯდა. ძალიან ცუდად იყო, როდესაც ის გარდაიცვალა“, - ჰყვება ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი ესმა მანია.

„ორი დღის წინათ მითხრა, მე იქნება დედაჩემსავით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა გითხრა ყველაფერიო და ისე მომიალერსა და ისე დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა, ცრემლები მომერია. მას გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდი. მეც ღონე მოვიკრიფე და ჩემი ვუთხარი, გაუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება. მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული და სხვა და ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს, ხოლო, რასაკვირველია, მე არ მითქვამს რომ უიმედო მდგომარეობაშია.

რაკი მე ისე აღელვებული ვიყავი, უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა, ორ მანდილოსანს, რომლებიც მის მოვლაში მე მშველოდნენ და დიდი დახმარება გამიწიეს. მათ გაუნაწილა თავისი ნივთები და მცირე გარდეროფი და უთხრა: დღეს ექვთიმემ ბევრი კარგი სიტყვები მითხრა, სრულიად დამშვიდებული ვკვდებიო. ცხედარზე ეს და ეს გადასაფარებელი დამადევით კუბოზეო, ეს და ეს მოსასხამი ჩამატანეთო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. მალე ნუ დამმარხავთო (ეშინოდა ლეტარგიული ძილი არ მომივიდესო, ჩემთვისაც უთქვამს წინათ).

შემდეგ ჩემს თავს მათ აბარებდა და მოვლას სთხოვდა. ყველა ამას ისე დამშვიდებით ამბობდა, რომ ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

ნინო პოლტორაცკაია საფრანგეთში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით ექვთიმე საქართველოს საგანძურთან ერთად ისევ თბილისში დაბრუნდა. განძით სავსე ყუთებით დატვირთული თვითმფრინავი უკვე უნდა გამოფრენილიყო, რომ შეატყვეს, ექვთიმე ფეხს ითრევდა. იცოდნენ, ცოლი როგორც უყვარდა და იფიქრეს, ალბათ, მისი საფლავის დატოვება ენანებაო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ძველი, დაკონკილი ტანსაცმლით სამშობლოში ჩასვლის რცხვენოდა. მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა, ოჯახს საგანძურის ერთი ნივთიც არ გაუყიდია.

მთაწმინდა ექვთიმე თაყაიშვილისთვის მესამე საფლავია, მანამდე ის ვაკეში, შემდეგ კი დიდუბეში იყო დაკრძალული. უკვე პანთეონში გადასვენების შემდეგ საფრანგეთიდან მთაწმინდაზე ნინო პოლტორაცკაიას ცხედარიც გადმოასვენეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG