Accessibility links

site logo site logo

ხურვალეთელები სოფელში უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას ითხოვენ


საოკუპაციო გამყოფი ზოლი

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და საპოლიციო ძალების დამატებას ითხოვენ. სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, მდებარეობს. სოფლის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, ამ ადგილზე კი საოკუპაციო ძალები, მესამე დღეა, მუდმივად აქტიურობენ. ხურვალეთის მცხოვრები ლუდა სალია მათ აქტივობას ყოველდღე აკვირდება. მისი სახლიდან კარგად ჩანს ქედი და სასაფლაოს ტერიტორია. სალიას თქმით, ჯარისკაცები ვარჯიშობენ, ადგილზე გაურკვეველ ანტენებს ამონტაჟებენ და სატელეფონო სიგნალებს ახშობენ.

სალიას მსგავსად, სხვა ხურვალეთელებიც აცხადებენ, რომ მთაზე რუსეთის მესაზღვრეების გადაადგილებას მუდმივად ხედავენ. იმასაც ხედავენ, რომ ისინი რაღაც ტექნიკურ მოწყობილობებს ხან ამონტაჟებენ და ხანაც შლიან. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს მობილური სატელეფონო კავშირი გაუარესდა და ტელეფონზე დარეკვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საოკუპაციო ძალას ცხინვალის რეგიონში ჰყავს მინიმუმ სამი პელენგატორით აღჭურვილი მანქანა, რომელიც რადიო და სხვა საკომუნიკაციო  სიხშირეების ჩახშობას და გადაჭერას ემსახურება.
კახაბერ ქემოკლიძე

ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მოქმედებებს, რამდენიმე დღეა, აკვირდება „ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა“. „მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ დრონით გადაღებული რამდენიმე ვიდეომასალა გაავრცელა. ბოლო ვიდეოში ცენტრალური ავტობანიდან დაახლოებით 500 მეტრში მოწყობილი საოკუპაციო ძალების საგუშაგო ჩანს, რომელიც მზის ენერგიის სისტემით არის აღჭურვილი. ქაცარავას თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დიდი ხნის წინ მოწყობილი საგუშაგო მძლავრი სოლარსისტემით, სათვალთვალო კამერით და ანძით აღჭურვეს. მისი განმარტებით, ეს, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ საგუშაგო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამისი რადიოლოკაციური გადაჭერის მიზნებს.

1 ივნისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სპეციალისტთა წვრთნის შესახებ. სწავლებაში 1500-მდე სპეციალისტი და 600-მდე ტექნიკა მონაწილეობდა. წვრთნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმაც, რომელშიც ვკითხულობთ:

„მოხდა ელექტრონული მონაცემების გადაცემა რადიოსიხშირეების ჩახშობის პირობებში. სწავლებაში ჩართული იყო ისეთი თანამედროვე კომპლექსები, როგორიცაა «Редут-2УС», რადიოსარელეო სადგურები Р-419Л1, Р-419, ანტენის მოდულები R-431AM და რადიოსადგურები R-149AKSH, პორტატიული თანამგზავრული საკომუნიკაციო სადგურები "ბელოზერო" და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობა“.

ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით...
სუსი

რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში“ საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო. მისი თქმით, საოკუპაციო ძალას ცხინვალის რეგიონში ჰყავს მინიმუმ სამი პელენგატორით აღჭურვილი მანქანა, რომელიც რადიო და სხვა საკომუნიკაციო სიხშირეების ჩახშობას და გადაჭერას ემსახურება. ქემოკლიძის აზრით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამას, დიდი ხანია, უკვე აკეთებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების სამხედრო, სამეკავშირეო სწავლებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით", - აცხადებენ სუს-ში.

ხურვალეთის მოსახლეობა კი საქართველოს ხელისუფლებისგან განცხადებების ნაცვლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG