Accessibility links

site logo site logo

ნათია თურნავას თქმით, "ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში გააკეთა, ქუთაისში ყოფნისას.

„დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა ნამახვანში. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე მუშაობენ, გაიწვია 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით უკვე მათგან შემოხმიანებას, რომ ვნახოთ, რა აღმოაჩინეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხალი და მისი მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ინვესტორთან შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ცვლილება შეეხება მიწის იჯარის საკითხს. საუბარია მისი წლოვანების შემცირებაზე.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვესტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება იჯარით გადაცემის წლოვანობას - 99 წელი, მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ და სხვა დანარჩენში ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესი" არსებული პროექტით არ აშენდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 8 ივნისს, საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება „ენკასთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. „საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “ენკა”-მ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე „მორატორიუმი” ცხადდებოდა“.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების, მშენებელი კომპანია „ენკასა“ და ხელისუფლების მონაწილეობით, შაბათს ევროკავშირის მედიაციით შეხვედრა იგეგმება. წინასწარი განცხადებით, მხარეები მასში მონაწილეობისთვის მზად არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG