Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება ბრიუსელში გამართულ ​NATO-ს სამიტს 


​NATO-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის მიესალმება ბრიუსელში გამართულ ​NATO-ს სამიტს, რომელზეც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც საქართველოს გაწევრების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ​NATO-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა „პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება განსაკუთრებით აფასებს, რომ წევრი ქვეყნები ადეკვატურად აფასებენ რუსეთის ფედერაციის მცდელობას „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება".

საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ​NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ​NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.

14 ივნისს, ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსის კარები ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის. ამასთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ მოსკოვსა და NATO-ს შორის ნორმალური ურთიერთობა არ აღდგება მანამ, „სანამ რუსეთი აჩვენებს, რომ იცავს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG