Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტის განცხადება: „ნატოს კარები ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის“


14 ივნისს, ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსის კარები ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის. ამასთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ მოსკოვსა და ნატოს შორის ნორმალური ურთიერთობა არ აღდგება მანამ, „სანამ რუსეთი აჩვენებს, რომ იცავს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს“.

სამიტის დეკლარაციის მე-14-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს „მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. ალიანსი რუსეთს მოუწოდებს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად გაიყვანოს თავისი ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში, ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე ჰყავს განთავსებული.

დეკლარაციის 68-ე პუნქტი მთლიანად საქართველოს ეხება, და ტექსტში ვკითხულობთ: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება. კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ იმ და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს - მათ შორის იმას, რომ ყოველი პარტნიორი მისი მაჩვენებლების მიხედვით იქნება განხილული. მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი, გარე ჩარევის გარეშე.“

ნატოს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსისთვის ძალიან ღირებულია საქართველოს წვლილი ნატოს ოპერაციებში - რაც აჩვენებს ამ ქვეყნის ერთგულებას და უნარს წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ამასთან, ალიანსი მიესალმება საქართველოში ახლახან შემდგარ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც „გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს“, რაც საქართველოს პროგრესს წაადგება ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

„საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მზარდი დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების პასუხად და მივესალმებით ნაბიჯებს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გასახორციელებლად. მზად ვართ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მისი შესაძლებლობების ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, წვრთნის და ვარჯიშის და უსაფრთხო კომუნიკაციის თვალსაზრისით. მოუთმენლად ველით ნატო-საქართველოს შემდეგ წვრთნებს 2022 წელს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG