Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შემოქმედებითი თავისუფლებაა" - წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე წასვლაზე


საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე წასვლას "შემოქმედებით თავისუფლებას" უწოდებს. მან ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საუბრის დროს თქვა, რომ "არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა".

"როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედებითი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად, გეტყვით, ემანდ, მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს შემოქმედებით თავისუფლებას, რომელიმე საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით... ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა თეატრის ხელმძღვანელი არის თავისუფალი... ეს არის ჩემი პოზიცია... ჩემი პოზიცია უკვე მოგახსენეთ, არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა", - თქვა მან.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში გამოვა ა. პ. ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

დასი წარმოადგენს სემუელ ბეკეტის პიესას „თამაშის დასასრული“, რომლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. ფესტივალის ვებსაიტზე გამოქვეყნებული აფიშის მიხედვით, სპექტაკლები 30 ივნისს, ასევე 1 და 2 ივლისს გაიმართება მოსსოვეტის სახელობის თეატრის სცენაზე.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, ერთ-ერთი უკანასკნელი სპექტაკლი. პიესა არაჩვეულებრივია, ავტორი არაჩვეულებრივია და, ვფიქრობ, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად“, თქვა სტურუამ რუსეთის ფედერალური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG