Accessibility links

site logo site logo

ბათუმის "რივიერას" საქმეზე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა


ბათუმის "რივიერას" პროექტი რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მასვე დაავალა ხელახლა განიხილოს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობის შეჩერების საკითხი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმელ აქტივისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2021 წლის 22 იანვარს შეიტანა და მოითხოვა გაუქმებულიყო მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა, მის მიერ მეხუთე კლასის პროექტად შეფასებული „ბათუმი რივიერას“ განსახორციელებლად.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე, ითხოვდა, რომ ნებართვის კანონიერების დადგენამდე მშენებლობის პროცესი შეჩერებულიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი უარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და დღეს მიიღო განჩინება, რომლითაც მან პირველი ინსტანციის განჩინება გააუქმა და მოთხოვნის თავიდან განხილვა დაავალა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ისე, რომ არც კი გაითვალისწინა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უარი გვითხრა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, ფაქტობრივად, ჩვენი არგუმენტები გაიმეორა და ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა შეფასება მოსარჩელეების მიერ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ მუხლის ანალიზით შემოიფარგლა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, გიორგი ანთაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის და ბათუმის დამცველი აქტივისტების განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა ისე გასცა, რომ არ შეაფასა პროექტ „რივიერას“ ზემოქმედება გარემოზე, ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.

პროექტი „რივიერა“ არაერთხელ იქცა ბათუმელების საპროტესტო აქციის მიზეზად.

ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა ზოლში სულ 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს. პროექტს მილიონი ლარით აფინანსებდა „თანაინვესტირების ფონდი.“

პროექტის მოწინაღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ. პირველი - ეს ტერიტორია ისტორიული ქალაქის ნაწილია და დაცვის ზონაში შედის. - მეორე არგუმენტი ეკოლოგიური საფრთხეებია. გაეროს დაფინანსებით, სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG