Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ბათუმი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაშია


მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში მოხვდა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა. საქართველოს ამ ზღვისპირა ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილისთვის შექმნილ საფრთხეებზე საუბარია ანგარიშში, რომელიც იუნესკოსთან ასოცირებულმა გლობალურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ, ICOMOS-მა მოამზადა. ანგარიშში, რომელიც 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და 2016-2019 წლების პერიოდს მოიცავს, სულ 23 ქვეყნის ძეგლები შეიტანეს. საქართველოდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ხადის ხეობის კულტურული ლანდშაფტიც.

რა საფრთხე ემუქრება ბათუმს?

ICOMOS-ის შეფასებით, საფრთხე ემუქრება ბათუმის ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნის ურბანული განაშენიანებაა და წარმოადგენდა ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს, მის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას და „ადგილის სულს“.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო და შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის განახლებას შეეწირა ძველი უბნების კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე და ტრადიციული გამწვანების ხასიათი.

ICOMOS-ი მთავარ პრობლემად მიიჩნევს ისტორიული, ძველი ბათუმის ღირებულების გაუაზრებლობას, რაც იმით გამოიხატება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იჩენს არათანმიმდევრულ პოზიციას და ბათუმის ისტორიული ნაწილის მართვისას ავლენს სუსტ პოლიტიკური ნებას. ამის მაგალითად ორგანიზაციას მოჰყავს ისტორიული დაცვის ზონაში პროექტ „რივიერას“ განხორციელება. 2018 წელს, ბათუმის მერიამ დაცვის ზონიდან ამოიღო ძველი ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება 5 ცათამბჯენის მშენებლობა და ხელოვნური არხის გაყვანა იახტკლუბისთვის, მაშინ, როცა ეს ადგილი ძველი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ICOMOS-ის თანახმად, დეველოპერების მიერ შეთავაზებული გეგმა საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმს, როგორც ისტორიულ ზღვისპირა ქალაქს და ერთმანეთისგან გამიჯნავს ზღვას და ბათუმის ისტორიულ ნაწილს.

ბათუმი, "რივიერა"
ბათუმი, "რივიერა"

„ბათუმის კუტურული მემკვიდრეობის რესურსი იწურება“

ICOMOS-მა ანგარიში მოამზადა კულტურული მემკვიდრეობის დამცველ საზოგადოება „ბათომთან“ ერთად. მისი ხელმძღვანელი, არქეოლოგი ნინო ინაიშვილი შიშობს, რომ ანგარიშში ასახული პრობლემები სულ უფრო მეტ მასშტაბს იძენს და ისტორიული ქალაქი კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშეა. „ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის რესურსი იწურება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ინაიშვილმა:

„საფრთხე არის ყოველდღიურად, რადგან ვხედავთ, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. არ არის ისტორიული დაცვის ზონა, არ არის შემუშავებული რეგლამენტი, მართვის სისტემა არ არსებობს, არ არის მოვლა-პატრონობის გეგმა. მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობების იმედად ვართ და ამასაც ბევრ შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ხდება ძეგლის დანგრევა და შემდეგ სტატუსის მოხსნა. ძალიან მძიმე ვითარებაა ამ მხრივ და არც რაიმე ნიშან-წყალი არსებობს იმისა, რომ გამოსწორდება. ბათუმის მერიაში არ არის მართვის ორგანო, რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს“.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის ჯერ დანგრევის და ამის შემდეგ სტატუსის მოხსნის ერთ-ერთი მაგალითია ისტორიული სახლი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ცამეტ ნომერში მდებარეობდა. უკანონოდ დანგრეული ძეგლის ნაცვლად შვიდსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყვიტეს.

ბათუმის მერიაში ისევ თაროზეა შემოდებული 2009 წელს შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მეცნიერულ კვლევას ემყარება და ისტორიული საყრდენი გეგმის სახელითაა ცნობილი. მასში დადგენილია ძველი ქალაქის დაცვის ზონა, შედგენილია რუკა და გაწერილია წესები. ამ დოკუმენტის დამტკიცებას 10 წელზე მეტია ითხოვენ ისტორიული ბათუმის დამცველი აქტივისტები და სპეციალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ძველ ბათუმს დაიცავს უხეში ჩარევებისგან და სამშენებლო ბიზნესს მკაცრ წესებს დაუდგენს. თუმცა, როგორც ნინო ინაიშვილი ამბობს, არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკური ნება:

„ამავე დროს, ხელი გვაქვს მოწერილი უამრავ ევროპულ კონვენციაზე, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და სხვა. მაგრამ არაფერს ვაკეთებთ. ევროკავშირში გაწევრიანების გამოთქმული სურვილი ხომ ამ ღირებულებების აღიარებასაც ნიშნავს?!“

ბათუმი
ბათუმი

რა დოკუმენტზე ლაპარაკობს ბათუმის მერია?

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი თაროზე შემოდებული ისტორიული საყრდენი გეგმის დამტკიცების ნაცვლად საუბრობს ქალაქის ურბანული განვითარების გეგმაზე, რომელიც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნია. არადა, ამ გეგმის მიღება იყო ქალაქის წინა ორი მერის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.

ჯერჯერობით არარსებულ გეგმას არჩილ ჩიქოვანი უწოდებს „კონსტიტუციას ყველა სხვა დოკუმენტთან მიმართებაში“.

„ის ნაწილობრივ მოიცავს ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტად გვაქვს დასახული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველა შენობა, მათ შორის ის შენობები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და გვეხმარება ფონდი „ქართუ“. საყრდენ გეგმას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლოდინები, რომ სამომავლოდ არანაირი საფრთხე არ შეექმნას კულტურულ მემკვიდრეობას და ამის გარანტორი ბუნებრივია, იქნება აჭარის კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყება და ქალაქ ბათუმის მერია“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა „გარანტიების“ მიუხედავად ძველი ბათუმის დამცველები დეველოპერთა ინტერესების სასარგებლოდ ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებაში სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ხშირად იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ ინვესტიციები აუცილებელია.

„ყოველი არჩევნების წინ გვპირდებიან...“

იმის, რომ ბათუმის მერია ქალაქის ურბანული განვითარების გეგმას შეიმუშავებს, აღარ სჯერა სამოქალაქო აქტივისტ ირმა ზოიძეს. როგორც ამბობს, ამ დოკუმენტის მიღებას ისევ გააჭიანურებენ და ძველ ბათუმში დასაცავიც აღარაფერი დარჩება:

„ყოველი არჩევნების წინ გვპირდებიან, რომ ურბანული განვითარების გეგმა ქალაქს ექნება და კულტურული მემკვიდრეობა იქნება პრიორიტეტი. ხელსაც კი აწერენ მემორანდუმებს, მაგრამ შემდეგ ქმედებაა განსხვავებული. პროცესი გაგრძელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის იგივე. დღესაც, როცა მერმა გითხრათ რომ დოკუმენტს შეიმუშავებს, პარალელურად მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის სივრცეების ასათვისებლად და იქ მათთვის საინტერესო სამშენებლო პროექტების განხორციელებაზე ინვესტიციის სახელით. რაც ქალაქს დაემართა, ეს თავისი შინაარსით არანაირად არ გულისხმობს ინვესტიციას და განვითარებას. პირიქით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG