Accessibility links

site logo site logo

ხაზარაძე: არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ


მამუკა ხაზარაძე

დეპუტატის იმუნიტეტის გასამყარებლად მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ის ამბობს, რომ არ აპირებს პარლამენტარის იმუნიტეტით სარგებლობას.

„ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული აზრი გვაქვს ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს საერთოდ იმუნიტეტი იმის მიუხედავად, რომ მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ გვექნება ნორმალური ქვეყანა, ამიტომ ახლა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. მე ამ მიდგომის მესმის, რომ ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონმდებლობის და გაზრდის წინააღმდეგი ვარ, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო მართლმსაჯულებას. ამიტომ მე პირველი ვაცხადებ, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე, და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და თქვენც მოგიწოდებთ, ვიფიქროთ სასამართლოს, პროკურატურის გაუმჯობესებაზე და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

კანონპროექტს მხარს უჭერს „ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით არა იმიტომ, რომ საოცარ ევროპულ სტანდარტს ვაღწევთ ამით, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური სტანდარტით ცხოვრებამ მოგვიყვანა აქამდე და გახადა იმის საჭიროება, რომ მსოფლიოს მოეთითებინა - თქვენ მანდ ქართველები ძალაუფლებას ტრადიციულად ვერ უმკლავდებით ხოლმეო, ვერცერთი უმრავლესობა 1990 წლიდან მოყოლებულიო", - თქვა უსუფაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა (ნაცვლად 76-ისა) დასჭირდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას იმუნიტეტი ორჯერ, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში მოუხსნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG