Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედ მოუხსნა


საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

ხმა წინააღმდეგ მისცეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლებმა, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, „პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია“.

პარლამენტის დღევანდელი დადგენილების საფუძველია გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც მან პარლამენტისგან ითხოვა თანხმობა, რათა სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზნით.

თავად ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG