Accessibility links

site logo site logo

აბსოლუტური ომი - ჰიტლერის უზადო საჩუქარი სტალინს


80 წლის წინ დაიწყება „ბარბაროსას“ ოპერაცია. ამ ოპერაციის ექვსთვე-ნახევრის განმავლობაში ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი, ქალი და მამაკაცი იქნება მოკლული. ათასი ადამიანი ყოველ საათში, განუწყვეტლივ, დღე და ღამე იქნება განადგურებული ორასი დღის განმავლობაში. ეს ორასი დღე იქნება არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი ომების ისტორიის ყველაზე ლეტალური დღეები.

კლაუზევიცი თავის მთავარ ნაშრომში „ომის შესახებ“, აბსოლუტურ ომს განსაზღვრავს როგორც შეუზღუდავი ძალადობის მქონე ფენომენს. განიხილავს რა მას როგორც აბსტრაქტულ, თეორიულ ცნებად, კლაუზევიცი მას იქვე უპირისპირებს რეალურ ომს, რომელშიც ძალადობა შეზღუდულია მთელი რიგი ფაქტორების გამო. ძალადობის შემზღუდველ მიზეზებს შორის პრუსიელი ფილოსოფოსი განსაკუთრებით გამოყოფს მოწინააღმდეგე ბანაკების ლიდერების პოლიტიკურ გათვლებს, ომის გონივრულ მიზნებს, საერთაშორისო სამართალს, მოწინააღმდეგეთა პოლიტიკური სისტემების მსგავსებას, შურისძიების შიშს, მორალურ ბარიერს და ა.შ.

„ბარბაროსას“ ოპერაციის ანალიზი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ის ზუსტად განასახიერებს აბსოლუტური ომის ისეთ დასრულებულ ტიპს, რომელზეც კლაუზევიცი საუბრობს თავის ნაშრომში: ჰიტლერი არ იწყებს ომს პროვინციის მიტაცების, რეჟიმის ცვლილების, ვასალური სახელმწიფოს შექმნის ან სხვა ე.წ. კონვენციური მიზნების მისაღწევად. იგი იწყებს ომს მიზნით, რომ გაანადგუროს არა მარტო სტალინური რეჟიმი და საბჭოთა ელიტა, არამედ გამორიცხოს ნებისმიერი ალბათობა ერთ დღეს ამ უკიდეგანო ტერიტორიებზე ეროვნული სახელმწიფოს აღორძინებისა.

ფიურერი არ შეეცდება, მესამე რაიხის სატელიტი ეთნონაციონალისტური, ფაშისტური ტიპის სახელმწიფო შეექმნა რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთში ან თუნდაც ყირიმში (სხვათა შორის, ასეთი ტიპის ვასალურ-ფაშიტური რეჟიმები ყაბულს იქნებოდნენ თავიანთ ტერიტორიაზე ებრაელები გაენადგურებინათ). ნაცისტებს აზრად არ მოუვათ რუსების, უკრაინელების ან სხვა ერების ნაციონალურ გრძნობებზე ეთამაშათ. ნაცვლად იმისა, რომ კოლექტივიზაციით და ქვეყნის დექრისტიანიზაციით გამოწვეული უზარმაზარი უკმაყოფილების ინსტრუმენტალიზაცია მოეხდინათ, ნაცისტები არც კოლმეურნეობებს დაკეტავენ და არც ეკლესიებს გააღებენ.

ჰიტლერის აბსოლუტური ომი ემსახურებოდა ერთ მიზანს - შიმშილით და სროლით გაეწყვიტა მოსახლეობის ერთი ნაწილი და დაემონებინა მეორე. ასეთი ტიპის ომი გამორიცხავდა ყოველნაირ კომპრომისს, ყოველგვარ ზავს ან თუნდაც მოლაპარაკებებს ტყვედ ჩაბარების შესახებ. 3,5-მილიონიანი ლენინგრადის ბლოკადა ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია: ჰიტლერის მიზანი არ იქნება ამ ქალაქის ინდუსტრიული არსენალის ან კულტურული სიმდიდრის ხელში ჩაგდება. არა, ჰიტლერის მიზანი იქნება ამ ქალაქის მიწასთან გასწორება და მისი მოსახლეობის შიმშილით განადგურება.

მკითხველს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ რომ აბსოლუტური ომის წარმოება გახდება ის ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელსაც ჰიტლერი სტალინს გაუკეთებს. აბსოლუტური ომით ჰიტლერი დაუშვებს ყველა იმ შესაძლებელ და შეუძლებელ შეცდომას, რომლებზეც სტალინი ვერც კი იოცნებებდა. სწორედ აბსოლუტური ომის წარმოებით სტალინისტური რეჟიმის ყველაზე შეურიგებელი საბჭოთა მოქალაქეებიც კი საბოლოოდ აირჩევენ კრემლის, ამ საძულველი მტრის, მხარეს: „ცნობიერების გადატრიალება - სავარაუდოდ კლინში გერმანელებმა ყველა ბავშვი ხის სახლში შეკრიბეს და დაწვეს, რაც ნიშნავს, რომ საბჭოთა ფაშისტების გერმანულმა ორიენტაციამ სრული ფიასკო განიცადა. (...) ჩემმა ძვირფასმა მეგობრებმა გერმანელები თავიდან ამოიგდეს და პირველად საბჭოთა ხელმძღვანელობისკენ გადმოიხარნენ“ - დაწერს მიხეილ პრიშვინი თავის დღიურში „ბარბაროსას“ ოპერაციის დასრულებისას. „ბოლოს და ბოლოს ბოლშევიკები არ ანადგურებენ ხალხს ასე ავტომატურად. ახლა სწორ ფორმულას ვერ ვპოულობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბოლშევიკებს ეს არ ახასიათებთ“ - დაწერს დაახლოებით იმავე დროს ოლიმპიადა პოლიაკოვა, ქალი, რომელიც 22 ივნისს გერმანელებს როგორც განმათავისუფლებლებს, ისე შეეგებება.

აბსოლუტური ომი იყო ერთადერთი ომი, რომელიც სტალინს შეეძლო მოეგო. და ჰიტლერი იყო ის ერთადერთი მტერი, რომლის წინააღმდეგაც სტალინს შეეძლო გაემარჯვა. ნებისმიერი სხვა მტრის წინააღმდეგ სტალინისტური რეჟიმი განწირული იყო, რადგან მისი შიგნიდან ჩამონგრევა გარდაუვალი გახდებოდა.

„ომი სხვა არაფერია თუ არა, პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება სხვა ხერხებით“ … საოცარია, რომ კლაუზევიცის თაყვანისმცემელი ჰიტლერი ისე იმეორებდა პრუსიელი ფილოსოფოსის ამ ყველაზე მოარულ ფრაზას, რომ ვერასდროს ვერ ჩასწვდა მის ჭეშმარიტ არსს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG