Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის მამამ დროებით გადაიფიქრა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა


მიხეილ გახელაძე
მიხეილ გახელაძე

ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაიფიქრა. მან მედიას უთხრა, რომ განზრახვა პატრიარქის თხოვნის გამო შეცვალა.

ამასთან, მიხეილ გახელაძის თქმით, თუ ერთი თვის განმავლობაში მისი შვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად გადავა.

22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, დღეს მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისისკენ. ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა უარყო, რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG