Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე ანაკლიაზე: თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება


„თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესიო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონში და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, - განაცხადა ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს იცავდა ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამ პროექტის გადარჩენისთვის ვეღარ მუშაობს, იმის გამო, რომ პოლიტიკური ნება აღარ არსებობს პორტის მშენებლობისთვის.

„მილიარდი დოლარი შემოდიოდა ინვესტიცია და ახლა გვყავს ერთადერთი ინვესტორი, რომელიც პანამიდან აკეთებს ინვესტირებას, ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პანამიდან რატომ, ვერ გავიგე, რა არის დასამალი, თუ ეს არის სუფთა ფული. რატომ შემოდის პანამიდან ინვესტიცია. სხვა ინვესტორი ჩვენს ქვეყნას არ ჰყავს.

600 მილიონი ინვესტიციიდან ნახევარი არის რეინვესტიცია და არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. 2018 და 2019 წლებში 34%-იანი ვარდნა გქონდათ. თქვენ რომ გამოდიხართ და გვესაუბრებით 10-წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს, წარმოუდგენელია“, - თქვა „ლელოს“ ლიდერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რიგგარეშე სესიაზე, სადაც ფრაქციები, კომიტეტები და დეპუტატები პრემიერის ანგარიშზე გამოთქვამენ მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG