Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: 1 ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება


1 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება და საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს - „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება. აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით შესრულდება. ორივე ავიაკომპანია, როგორც „ვიზეარი“, ისე FLYARYSTAN-ი ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

Wizz Air-ის თვითმფრინავები პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავდა.

ავიაკომპანიამ ქუთაისში ბაზის მუშაობა 2020 წლის ზაფხულში შეაჩერა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე გაუქმებული რეისების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG