Accessibility links

Wizz Air საქართველოსთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრობს


დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში, ქუთაისში ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს, რაც არ ნიშნავს, რომ კომპანია საქართველოში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიის გეგმებზე მისმა კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას... საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კომპანია ქუთაისის ბაზაში დასაქმებულ თანამშრომლებს სხვა შესაძლებლობებს შესთავაზებს:

"ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები საქართველოში და ქუთაისის ბაზაზე".

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ კომპანია საქართველოს ბაზარს არ ტოვებს და ტექნიკური საკითხია ის, თუ სად იქნება კომპანიის თვითმფრინავები ბაზირებული, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში. მინისტრი განმარტავს, რომ თვითმფრინავების გადაჯგუფების მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა.

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ "ვიზეარი" არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს... ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და "ვიზეარი" თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში "ვიზეარის" მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით", - თქვა ნათია თურნავამ.

კომპანიის თვითმფრინავები საქართველოდან რამდენიმე წელია დაფრინავენ. Wizz Air საქართველოდან რეისებს ასრულებდა როგორც ბაზირებული თვითმფრინავებით (ქართული ეკიპაჟი), ასევე, არაბაზირებულით.

Wizz Air-ის თვითმფრინავები პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავდა, ახლა არცერთი რეისი არ სრულდება.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG