Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანეები: ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბრძოლის არ გვჯერა


მწვანეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტში, განცხადებით ეხმაურებიან „რიონის ხეობის მცველების“ გაერთიანებას მოძალადე ჯგუფებთან თბილისი პრაიდის წინააღმდეგ.

„არ შევალამაზებთ და პირდაპირ ვიტყვით, რომ ეს იყო სახელმწიფოსა, საპატრიარქოსა და რამოდენიმე კრიმინალური პოლიტიკური დაჯგუფების ერთობლივი თავდასხმა მოსახლეობაზე, არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ან პოლიტიკური მსოფლმხედველობის ნიშნით, არამედ ბევრად ფართო გაგებით. რაც ვიხილეთ არის ამ ძალების მიერ სამოქალაქო ღირსების შელახვა, პირდაპირი და დაუფარავი“, - წერენ მწვანეები 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე.
„ორკესტირებული ძალადობა ხორციელდებოდა და კვლავ გრძელდება არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით, პირდაპირად და ირიბად, ბევრად მძლავრად ვიდრე აქამდე. სახელმწიფო წესრიგისა და ადამიანის ძირეული უფლებების შელახვა ამ ფორმითა და მასშტაბით უახლეს ისტორიაში არ გვახსოვს. ჩვენ წლებია ვიბრძვით როგორც ქვიარ თემის, ისე ზოგადად ადამიანის ძირეული უფლებების დასაცავად და ეს ბრძოლა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ახალ ეტაპზე გადავა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ მიმდინარე მოვლენებმა ჩვენ, მწვანეები და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც პროტესტს წარმოადგენდა და რიონის ხეობის მცველები ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენა, ამით წარმოუდგენელი ზიანი მიადგა მოძრაობას. გუშინდელ აქციაზე მათი შეერთებით, ეს წყალგამყოფი უფრო ცხადი გახდა.

მიუხედავად პიროვნული ურთიერთპატივისცემისა, რომელიც თვეებზე მანძილზე, ერთიან ბრძოლაში განვითარდა, რომელიც არ იყო ერთხაზოვანი და რომელშიც მცველები გარკვეულწილად საკუთარ თავზე იღებდნენ ძალათა ბალანსს და პროტესტის მონაწილეთა უსაფრთხოებას, პრინციპულობა და ღირებულებებისადმი ერთგულება მოითხოვს სიცხადეს. ერთ უსამართლობასთან ბრძოლა, მეორეზე თვალის დახუჭვით, თავისა და ერთმანეთის მოტყუებაა. ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბძოლის არ გვჯერა“, - ნათქვამია მწვანეების განცხადებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება მნიშვნელოვანია, თუმცა სამომავლოდ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბრძოლის ფორმა.

„რიონის ხეობის მცველებმა“ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო, ჰომოფობიური განცხადება 1 ივლისს გააკეთეს, 5 ივლისს კი თბილისში ჩამოვიდნენ ძალადობრივი ჯგუფების მხარდასაჭერად და მათ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. 5 ივლისსვე „მწვანე ალტერნატივამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერის გამო წყვეტდნენ „რიონის ხეობის მცველებთან“ კომუნიკაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG