Accessibility links

site logo site logo

რას ნიშნავს “რიონის ხეობის მცველების” განცხადება პრაიდის წინააღმდეგ


თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები აქციიდან. თბილისი, 1 ივლისი, 2021

„თბილისი პრაიდის” მეორე დღეს „რიონის ხეობის მცველებმა” თქვეს, რომ პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ისინი ასე უფრთხილდებიან თითქმის 250-დღიანი პროტესტის განმავლობაში. ეს განცხადება ზოგისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ზოგმა თანამებრძოლების ღალატად აღიქვა.

სხვებისთვის ეს ცალსახად ჰომოფობიური განცხადება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ განწყობების რომლებიც გამოსჭვიოდა “რიონის მცველების” და მათი მხრადჭერების ერთი შეხედვით ფრთხილ განცხადებებში.

ჯგუფმა, რომელიც პოზიციას არ გამოხატავს ოკუპაციაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მზარდ სიღარიბეზე, არაფორმალურ მმართველობასა და საზოგადოების სხვა მნიშვნელოვან საკთხებზე,საჭიროდ ჩათვალა ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის, რომელთა შორისაც მრავლად არიან ქვიარ თემის წევრები, რომ პრაიდი და “მსგავსი აქტივობები” სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ისინი “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის” მოწინააღმდეგეები არიან. “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას წინ უსწრებდა თბილისი პრაიდის პირველი დღე, რომელმაც დაძაბულად ჩაიარა ძალადობრივი ექსცესებით - პოლიცია იცავდა ფილმის სანახავად მისულ ადამიანებს მათკენ ნასროლი ქვების, წყლის ბოთლების, კეტებისა და შეურაცხყოფისგან. წინ 5 ივლისია, ღირსების მარში, რომლისთვისაც ძალადობრივი ჯგუფები მეტი ადამიანის მობილიზებას აპირებენ, ვიდრე ეს 1 ივისს მოახერხეს.

ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 5 ივლისს თბილისის ნაცვლად მოსკოვში იქნება. პირველადი გეგმის თანახმად ის 5 ივლისს დილის 10 საათიდან აპირებდა რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის ძეგლთან გამაგრებას ღირსების მარშის წინააღმდეგ.
ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 5 ივლისს თბილისის ნაცვლად მოსკოვში იქნება. პირველადი გეგმის თანახმად ის 5 ივლისს დილის 10 საათიდან აპირებდა რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის ძეგლთან გამაგრებას ღირსების მარშის წინააღმდეგ.

“ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება” - ასე გამოეხმაურა ლგბტ უფლებადამცველი, “თანასწორობის მოძრაობის” წევრი დავით კახაბერი “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი დაწერა ფეისბუქზე, რომ ვარლამს და სხვა “ნამახვანელებს” დედაქალაქი ელით 5 ივლისს. ამ დღეს ლბტქ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ღირსების მარშის გამართვას გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, სიძულვილის ჯგუფები კი მათთვის ხელის შეშლას და პრაიდის ჩაშლას აპირებენ.

“ამ განცხადებას ვერაფერი და არაფერი გაამართლებს. ქვის მსროლელებზე გააკეთეს არჩევანი, როცა ამ არჩევანის გაკეთებასაც კი არავინ თხოვდათ, ხოდა, ჰყავდეთ ქვის მსროლელები” - დაწერა განცხადების პასუხად ქვიარ აქტივისტმა გიორგი კიკონიშვილმა. ის ამ დრომდე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქტიური მხარდამჭერი იყო.

“ზოგადად არ არის საჭირო ადამიანმა (და ადამიანების ჯგუფმა) ყველაფერზე აზრი გამოთქვას, სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციას აყევით. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადება გაავრცელეთ, რომელიც გულს ტკენს (რბილად რომ ვთქვა) ბევრ იმ ადამიანს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ. ასევე ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით პირდაპირ საფრთხეს უქმნით ადამიანებს, ვინც პროტესტზე მოდის ხოლმე. ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა.

თუმცა. ჩემთვის, როგორც ქვიარი ადამიანისთვის ეს განცხადება დიდად არაფერს არ ცვლის (მხოლოდ ჩემზე მაქვს აქ საუბარი). ჰესი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითკოლონიზირებული მდგომარეობიდან, სადაც ინვესტორი (და მთავრობის გასქელებული ჯიბეები) დგას წინ, ხალხის ბედი კი არავის აინტერესებს. ამასობაში კი ვიღაცეები ბაზრის თავისუფლებაზე კითხულობენ ლექციებს. არ მუშაობს, მეგობრებო ეს. უნდა დასრულდეს. ეს ყველას ეხება, ვინც ჰაერის ნაცვლად შხამს სუნთქავს და ჭამს იმ ეკოლოგიურ გარემოში, რომელსაც ეს ''ინვესტიციები '' გვიქმნის. შესაბამისად ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს და იმ საქმეს რომელსაც ისინი აკეთებენ”- ფემინისტ ნათია გვიანიშვილის ეს სტატუსი ფეისბუქში განსაკუთრებით მოიწონეს მათ, ვინც თავს “რიონის ხეობის მცველების” მხარდამჭერად თვლის და ვინც მათი დღევანდელი განხადებით იმედგაცრუებული დარჩა.

“მწვანეებმა”, რომლებიც ერთი მხრივ ლგბტქ პირების უფლებებისთვის ბრძოლას მიიჩნევენ თავისი დღის წესრიგის ნაწილად, მეორე მხრივ კი აქტიურად მონაწილეობენ ნამახვანჰესის საწინააღდმეგო პროტესტში, “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას “მტრისთვის გადაგდებული ლუკმა” უწოდეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ არც პრაიდის იდეა ხიბლავთ იმის გამო, რომ “ქვიარების უფლებები არ დაიყვანება წელიწადში ერთი დღით ქალაქის ცენტრში პოლიციური ძალებით შემოსაზღვრულ მანიფესტაციამდე და ჩვენივე თანამოქალაქეებისგან რკინის ბარიკადებით შემოსაზღვრამდე.” ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ “ეს სირთულე მხარეთა გამოფხიზლებით დაიძლევა”.

“რიონის ხეობის მცველების” აქციებზე არაერთხელ ყოფილან ჰომოფობიური, ნაციონალისტური, პრორუსული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების სივრცედაც გამოუყენებიათ მათი პროტესტი. ერთი მხრივ, ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები ქსენოფობიურ განწყობებს ემიჯნებიან, მეორე მხრივ კი ისინი მართლმადიდებელ ეკლესიასთან და სიძულვილის ჯგუფებთან უფრო მჭიდროდ არიან არიან დაკავშირებულები, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ფრთხილი პროტესტის ფარგლებში მოქმედებენ.

ისინი ცდილობენ გაემიჯნონ პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ხეობის გადარჩენის აუცილებლობაზე ილაპარაკონ, ცდილობენ მაქსიმალურად გამორიცხონ დაძაბულობის კერების გაჩენის საფრთხე მათ სიახლოვეს და თუკი ასეთი არჩევანი არსებობს, უმრავლესობის გულის მოგებას არჩევენ რამდენიმე მხარდამჭერის დასაცავად ხმის ამაღლებას.

თბილისში მაისში გამართულ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე როცა “სირცხვილიას” აქტივისტებს თავს დაესხა ალექსანდრე ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ცისარტყელას სამკლავურის გამო, მათ ძალადობის დაგმობის ნაცვლად თქვეს, რომ ემიჯნებიან ყველანაირ სიმბოლიკას, გარდა ეროვნულისა. ეს განცხადება არადამაჯერებლად ჟღერდა ჯგუფისგან, რომლის აქციებზეც ხშირად ჩანს ჯვრები, საქართველოს შინდისფერი დროშა და სხვა სიმბოლიკა.

სიმბოლიკის გამოყენება-არგამოყენებაზე დისკუსიისთვის წერტილის დასმა მცველთაგან ერთ-ერთმა, მაკა სულაძემ სცადა. მან ვაზის ჯვარი, რომელსაც მუდმივად ატარებდა და მისთვის საკრალური მნიშვნელობის მქონე სიწმინდე იყო, გვერდზე გადადო და თქვა, რომ აქციებზე მისი თანხლებით აღარ გამოვიდოდა. ჯვრის ტარებზე უარის გადაწყვეტილების გამო მას თავს დაესხნენ სასულიერო პირები ამბიონიდან და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები აქციაზე. დისკუსიის ნაწილი იყო მსჯელობა იმაზე, რა იქნება უკეთესი - ყველას თავისი სიმბოლიკის ტარება შეეძლოს მშვიდად თუ ყველამ უარი თქვას მისთვის ძვირფას ატრიბუტიკაზე იმის გამო, რომ შეიძლება ვინმე გაღიზიანდეს.

შემატებს თუ მოაკლებს „რიონის ხეობის მცველებს” მხარდამჭერებს პრაიდის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, დრო აჩვენებს, ისევე როგორც იმას, აღმოჩნდებიან ისინი ნაციონალისტური დაჯგუფებების გვერდზე 5 ივლისს და მომდევნო დღეებში თუ მოახერხებენ დარჩნენ მშვიდობიანი, დამოუკიდებელი აქტივისტების გაერთიანების სახელის მქონე ძალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG