Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 6 ივლისს აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დავაკავეთ, მათგან 32 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6 ივლისს პარლამენტის წინ გამართული აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველი კლასიკური გიმნაზიისა და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ
სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.

1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.
რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს - 1965 წელს
დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა სამი სამართალდამცველი.

"არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს,სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დღეს მეორედ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა.

XS
SM
MD
LG