Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელი ძაღლები ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ დატოვეს


ბათუმის კოლორიტი ყურშაპეტა ნაგავსაყრელზე
ბათუმის კოლორიტი ყურშაპეტა ნაგავსაყრელზე

ბათუმელი აქტივისტები და ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ხალხს, რომლიც ქუჩის ცხოველებს უვლიდა, ცხოველებს პარავენ და ჯგუფიდან გადაყავთ ნაგავსაყრელზე, სადაც ისინი სიკვდილისთვის არიან განწირული.

რამდენიმე დღის წინ ბათუმელებმა შეამჩნიეს, რომ მიკედლებული ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან.

ძაღლები, რომლებსაც ჩვენ ვუვლით, ვხარჯავთ ფულს, რომ ვაჭამოთ, ვუმკურნალოთ... გადაიყვანეს და დაყარეს ნაგავსაყრელზე“, - ამბობს ბათუმელი ლია მგელაძე.

დაინახეს მანქანა, რომელსაც ძაღლები მიყავდა ნაგავსაყრელზე. ავედით და გადავსებულია ნაგავსაყრელი ძაღლებით. ზოგი წევს, ვერ დადის და ნაგვის მანქანა ზედ აყრის ნაგავს“, - ამბობს თამუნა ხონელიძე.

ნაგავსაყრელი ბათუმიდან ოციოდე კილომეტრით არის დაშორებული. ეს არის ღია ტერიტორია, სადაც ცხოველს საშუალება არა აქვს სიცხესა ან ცუდ ამინდში რამეს შეეფაროს.

ერთი ჩრდილი არაა. წყალზე ლაპარაკიც ზედმეტია. 100 ლიტრი წყალი წავიღეთ გუშინ და 5 წუთში არ გვქონდა. კინაღამ გავგიჟდი“, - ამბობს თამუნა ხონელიძე.

ნაგავსაყრელზე ძაღლები ნაგავსა და მკვდარ თოლიებს ჭამენ. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილზე უკვე ათასამდე ძაღლია თავმოყრილი. უშუალოდ მოხალისეებმა, რომლებიც 4 ივლისს შეიკრიბნენ და ქალაქიდან დაკარგული ცხოველების მოსაძებნად ნაგავსაყრელზე ავიდნენ, 300-მდე ძაღლი დათვალეს.

ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

თეონა ყურშუბაძე, რომელმაც ძაღლების მოსაძებნად 12 მოხალისე შეაგროვა, ამბობს, რომ 4 ივლისს წვიმიანი დღე იყო და ადგილზე მისულებს ნამდვილი ჯოჯოხეთი დახვდათ.

დაგვხვდა დამხვრჩვალი ძაღლები, მკვდარი ლეკვები, გათოშილი, გალუმპულ ცხოველები. ერთი ძაღლი წელმოწყვეტილი ეგდო გუბეში. წამოიყვანეს, მაგრამ ვეღარ გადარჩა, კლინიკაში ევთანაზია გავუკეთეთ“, - ამბობს თეონა ყურშუბაძე.

ნაგავსაყრელზე იპოვეს ის ძაღლები, რომლებიც ადგილობრივებს მიკედლებული ჰყავდათ და უვლიდნენ, მათ შორის ბათუმის კოლორიტი ყურშაპეტაც.

ამ ძაღლზე, როგორც კუპატაზე, ლამის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ყურშაპეტას ეძახიან, კორმს არ კადრულობდა, მხოლოდ სოსისებს ჭამდა და ყველა იცნობდა. ეს ძაღლიც კი იქ დავგვხვდა. რა თქმა უნდა, უკან წამოვიყვანეთ“, - ამბობს თეონა ყურშუბაძე.

ცოცხლად გადარჩენილი ძაღლების ნაწილი მოხალისეებმა ისევ ქალაქში დააბრუნეს, თუმცა ამბობენ, რომ ნაგავსაყრელზე კიდევ ბევრი ცხოველი დარჩა.

რასაც ვახერხებთ, მოგვყავს უკან ქალაქში. გაბედოს და თუნდაც მერი იყოს, რამე გვითხრას“, - ამბობს თამუნა ხონელიძე.

5 ივლისს მოხალისეები აქციის გამართვას აპირებდნენ, რადგან ისინი ვარაუდობენ, რომ ასეთი მასშტაბური „ოპერაციის“ მოწყობა მხოლოდ ქალაქის მერიას შეეძლო.

ძალიან ცუდი რამ გავიგეთ, თითქოს არც ერთი ასეთი ძაღლი არ უნდა დარჩენილიყო ოქტომბრამდე ბათუმში, რომ ტურისტებს თვალში არ მოხვედროდათ“, - ამბობს თეონა ყურშუბიძე.

მაგრამ მათ ღამე დაურეკეს და მერთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრა შედგა, თუმცა, აქტივისტების თქმით, ცხოველების გატაცების ფაქტები ამის შემდეგაც გაგრძელდა.

დღესაც იყო ფაქტები, როცა მანქანებში ჩაყარეს ძაღლები და გადაყავდათ სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ ცხოველების დამცველებმა არ მისცეს ამის საშუალება“, - ამბობს ბათუმელი მოხალისე ლია მგელაძე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. დაგეგმილია მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG