Accessibility links

site logo site logo

სადავო მშენებლობა ჩუბინაშვილის ცენტრთან 


გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მერიას სთხოვენ შეაჩეროს მშენებლობა, რომელიც, მათი აზრით, შენობას აზიანებს. მერია ამბობს, რომ მშენებლობა კანონიერია.

ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი თბილისში, ათონელის N 9-ში, მდებარეობს. ორსართულიანი შენობა კულტურული ძეგლია. დაახლოებით ერთი თვის წინ პირმა, რომელსაც შენობის სარდაფი კერძო საკუთრებაში აქვს, საძირკვლის თხრა დაიწყო.

გიორგი პაპაშვილი, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი: ამ შენობის ნაწილი მერიის კუთვნილებაა, ჩვენ უვადო უზუფრუქტით ვარ შემოსული. 28 ივნისს შემოღობეს და დაიწყეს სამუშაოები. ამ ადამიანს სარდაფში რესტორნის გაკეთება უნდა და რადგანაც კიბე, ჩასასვლელი სჭირდება, უზარმაზარ ტრანშეას თხრის“.

ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამუშაოების შედეგად შენობა ზიანდება. ამასთან, მიწაში აღმოჩნდა არქეოლოგიური კუთხით საინტერესო საგნები, რომლებსაც შესწავლა სჭირდება. გამოჩნდა წითელი აგურით ამოშენებული კედელიც, რომელიც ასევე შენობას ეკუთვნოდა, მაგრამ სარდაფის მეპატრონემ ეს კედელი დაანგრია. იმისათვის, რომ მშენებლობა შეეჩერებინათ, ცენტრის თანამშრომლებს ბულდოზერის წინ დადგომა მოუხდათ.

გათხრისას აღმოჩენილი კედლის ნარჩენები
გათხრისას აღმოჩენილი კედლის ნარჩენები

გიორგი პაპაშვილი:აქამდე პროექტი იდეალურიც რომ ყოფილიყო, რადგან იქ აღმოჩნდა ახალი გარემოებები, რის შესახებაც მანამდე არ იყო ცნობილი, სამუშაოები უნდა გაჩერებულიყო. თბილისში, სადაც მე-19 საუკუნემდელი ძალიან ცოტა რამ შემოგვრჩა, თითოეული აგურიც კი შესასწავლია. კაცმა არ იცის, აქ რა ამოვა. აღა-მაჰმად-ხანის გადამწვარი თბილისი, ფაქტობრივად, მიწისქვეშაა. ამ ორმოში აღმოჩნდა კერამიკა, აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხი. კერამიკა ჩვენ შევინახეთ, ძვლები სანაგვეზე გადაყარეს“.

გათხრისას აღმოჩენილი კერამიკის თასი
გათხრისას აღმოჩენილი კერამიკის თასი

ცენტრის თანამშრომელი ეკა კვაჭატაძე ამბობს, რომ სამუშაოები შენობის მდგრადობას უქმნის საფრთხეს.

„ორი დღის განმავლობაში ითხრებოდა მიწა, ვერ მოვახერხეთ მაშინვე შეგვეჩერებინა, როცა ეს კულტურული ფენები დავინახეთ. რამდენიმე მანქანამ გაიტანა და გადაყარა. ფასადის მხარეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია! დაირღვა ფასადის ისტორიული იერსახე. მერიამ პროექტი კი დაამტკიცა, მაგრამ მასში არ იყო უშუალოდ ამ შენობისთვის დაწერილი ხელოვნებათმცოდნის დასკვნა. გაუმართავი დასკვნა ჰქონდათ, რომელიც, გასაკვირიც კია, როგორ მიიღეს“.

სამუშაოები ჩუბინაშვილის ცენტრთან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყო, ცენტრმა მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინჟინერ-კონსტრუქტორი გიორგი ჭანუყვაძე, რომლის დასკვნაშიც ვკითხულობთ:

გაუგებარ არქიტექტურულ გადაწყვეტასთან ერთად ზემოხსენებული ჩარევა, ანუ დამცავი გალერეის გარეთა კედლის მოხსნა, რომელიც სარდაფთან თაღოვანი ელემენტებითაა დაკავშირებული, ასუსტებს ათონელის ქუჩაზე არსებულ საძირკველს და გაუთვალისწინებელ ხიფათს უქმნის მის ზევით მდებარე კედელს და, საერთოდ, შენობას. აუცილებლად მიგვაჩნია დავაკონკრეტოთ, რომ ზემოთ აღნიშნული მიწისქვეშა დამცავი გალერეის მორღვევა გაუმართლებელი ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომლსაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს“.

თბილისის მერია რადიო თავისუფლებას უცხადებს, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის საძირკველთან წამოწყებული მშენებლობა მერიის ყველა საჭირო უწყებასთან არის შეთანხმებული, ასევე გაცემულია თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნას - შეწყდეს მშენებლობა - უარით უპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG