Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა დროებითი ზომაა


რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერება დროებითი ზომა იყო და იძულებით ხასიათს ატარებდა, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, შესაძლოა ფრენების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანასთან დაკავშირებით იყო იძულებით ზომა, გამოწვეული ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარისგან გაკვეთილი გამოიტანა და კორონავირუსული ინფექციასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ“,- განაცხადა რუდენკომ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში.

მანამდე რუდენკონ განაცხადა, ჯერ არ შესრულებულა საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის საჭირო პირობები, მათ შორის რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის ფედერაციიდან ტურისტებისთვის რაიმე საფრთხის არარსებობა. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

აპრილში, როცა თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა კრემლის პროპაგანდისტად მიჩნეული ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყანაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG