Accessibility links

site logo site logo

ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: სასჯელს სახელმწიფომ აღსრულება არ აცალა


ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულ მხარეს კანონმდებლობით ფაქტობრივად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, დაზარალებულის ადვოკატს პრაქტიკულად შიშველი ხელებით უწევს ბრძოლა და უფრო თანადგომას უცხადებს დაზარალებულს, ვიდრე სამართლებრივად ეხმარება:

„დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების, "უდოს" კომისიის გადაწყვეტილებასაც კი ფაქტობრივად ვერანაირად ვერ გავასაჩივრებთ. ინფორმაციის მოძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ინფორმაციის მიღების დიდი იმედი არ გვაქვს იმიტომ, რომ აქ კანონმდებლობა გარკვეულად ზღუდავს დაზარალებულს. ის კი არა, "უდოს" კომისია რომ იღებდა გადაწყვეტილებას, დაზარალებულისთვის არავის არ უკითხავს. გუშინ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაც და მათაც თქვეს, რომ მედიისგან გაიგეს ეს ყველაფერი. ეს ჩემი შეხედულებაა, თუმცა თვითონ ინსპექტორის ოფისიც ამ გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილი არ ჩანდა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების პრეცედენტი ერთგვარად ნორმად აქცევს იმას, რომ შესაძლებელია პოლიციელები მათ მიერ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულის გამოც კი საერთოდ დაუსჯელები დარჩნენ. მისივე თქმით, რადგან ზოგადად გამოძიება სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტურად არ რეაგირებს ხოლმე, თავად მარიანა ჩოლოიანის საქმე იყო პრეცედენტული, თუმცა სასჯელის აღსრულება ბოლომდე არ მაინც მივიდა:

„მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ერთგვარად პრეცედენტული გადაწყვეტილება. სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე ჩვენ ვერ ვხედავთ ხოლმე რომ გამოძიება არის ეფექტური და ამას ბევრი მიზეზი აქვს და ჩვენ ნაკლებად ვხედავთ ხოლმე იმას, რომ ის ადამიანები შემდგომ დაისაჯონ. ასეთ დანაშაულებზე ზოგადად გამოძიების სერიოზული პრობლემა არის ხოლმე. რბილად რომ ვთქვათ, გამოძიება არაეფექტურია. სახელმწიფოს უბრალოდ არ სურს აღიაროს, რომ მისი წარმომადგენლები გარკვეულ დანაშაულს ჩადიოდნენ. ამდენად ეს საქმე იყო მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მივიდა ბოლომდე. თუმცა სასჯელს აღსრულება არ აცადა სახელმწიფომ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორჯერვე მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. საიას ცნობით, მორიგი სხდომა სასამართლოში 9 აგვისტოს არის დანიშნული. სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ დროებით ვადამდე გათავსუფლების კომისიამ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG