Accessibility links

site logo site logo

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვა გრძელდება


„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება, დედაქალაქის მერის მიერ გამთენიისას გაკეთებული განცხადებების მიუხედავად.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციის - „თბილსერვის ჯგუფის“ შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.

როგორც გაფიცულთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დასუფთავების სამსახურის მანქანის მძღოლმა, ილია ხოკენაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სიმართლეს არ შეესაბამება კახა კალაძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, გაფიცვა მცირე ჯგუფის მიერ არის მართული.

„ჩვენგან სამუშაოდ არავინ გასულა. მანქანების მძღოლები და მუშები ყველანი ერთად ვდგავართ. როგორც ვიცით, ავტობუსის მძღოლები დააჯინეს გუშინ მანქანებზე და მარტო დედაქალაქის ცენტრიდან გაატანინეს ნაგავი. მეეზოვეები იძულებით გაიყვანეს დღეს - სამსახურიდან დაგხსნითო, უთხრეს, ასე ამბობენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების გაზრდის გარდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, დაბალი ხელფასების გარდა, მათ არც უნიფორმების სეზონურად გამოცვლის საშუალება აქვთ და, ელემენტარულად, სამუშაო ხელთათმანებსაც საჭიროზე გაცილებით იშვიათად ურიგებენ.

დედაქალაქის მერის მიერ გამთენიისას გავრცელებულ ფეისბუკლაივში ქუჩის ბუნკერებიდან ნაგვის გატანის პროცესია ასახული. დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი კახა კალაძე მადლობას უხდის „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაოდ გავიდნენ.

კახა კალაძე გაფიცვას „რამდენიმე კრიმინალის“ მიერ მართულ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯის საფუძველსაც ხედავს.

„რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით მოხდა გაფიცვა. უფრო სწორად გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქუჩის ბუნკერები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით გადაივსო 6 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ქალაქის მასშტაბით ნაგავი ეყარა ბუნკერების ირგვლივაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG