Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის თანახმად, პანკისში დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანახმად, კახეთის რეგიონში სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, - ნაქვამია სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების თანახმად, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.

„ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაკავებულთა ოჯახები, მათი შვილების ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

სოფერ ქორეთში ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის ჰამზათ ბაღაკაშვილის დედა ლია ციხესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სპეცოპერაცია მათ საცხოვრებელ სახლში დილის 07:00 საათზე, იმ დროს ჩატარდა, როდესაც მისი შვილი სოფლის მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.

პოლიციელები იყვნენ, ჰამზათი გზიდანვე აიყვანეს. მე მხოლოდ რაღაც ფურცლები მაჩვენეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, რატომ აკავებდნენ. შემდეგ მალევე ჩვენ სახლში და ბოსელში ჩკრეკა ჩაატარეს. რას ეძებდნენ, არ უთქვამთ. არც არაფერი წაუღიათ. ჩემი შვილის ტელეფონიც კი სახლშია. ჩვენ მედიით გავიგეთ, რომ ტერორიზმის მუხლით დააკავეს, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავთ. ჩემი შვილი ერთი თვის წინ იყო წასული თურქეთში ჩაის საკრეფად, სულ სამი კვირა იმუშავა და უკან დაბრუნდა. კორონას გამო სამუშაო აღარ იყო. სხვა დროს ჰამზათი სოფელში ცხვარს მწყემსავს, რანაირად უნდა ჰქონოდა მას კავშირი ტერორიზმთან? არც ვერსიები გვაქვს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი და კიდევ სამი თანასოფლელის დაკავება“, - ამბობს დაკავებული ჰამზათ ბაღაკაშვილის დედა ლია ციხესაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილით ჩაატარა. სოფელ ქორეთში დაკავებულია სამი ახალგაზრდა, რომელთა ასაკიც 18-დან 20 წლამდეა, 2 პირი კი სოფელ დუისში აიყვანეს.

დუისში დაკავებულთა ოჯახის წევრები მედიასთან არ კონტაქტობენ. ქორეთში დაკავებული კიდევ ერთი პირის, რამაზ მარგოშვილის დედა თამილა ქავთარაშვილიც კატეგორიულად უარყოფს თავისი შვილის კავშირს ტერორიზმთან.

ვიღაც იძახდა, გავედით გარეთ და პოლიცია იყო. მითხრეს, თქვენი შვილი გააღვიძეთო, გავაღვიძე და პირდაპირ მანქანაში ჩასვეს და წაიყანეს. პოლიციელებმა მითხრეს, - მერე გეტყვით რის გამო მიგვყავსო. ჩხრეკაც ჩაატარეს და არაფერი წაუღიათ. არ ვიცი რა მოხდა. ადრე სოფელში ჩხუბი მოხდა, სადაც ჩემი შვილიც მონაწილეობდა. არ ვიცი, ეს დაკავება იქნებ იმ ამბავს უკავშირდებოდეს? მაგრამ სხვა სოფლიდანაც არიან დაკავებულები. ჩემი შვილი მათ საერთოდ არ იცნობდა. ამ დრომდე არაფერი ვიცით, რა მოხდა“, - განაცხადა თამილა ქავთარაშვილმა.

პანკისის ხეობაში 5 პირის დაკავებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს დუსიში მცხოვრები, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამბობს, რომ ყოველი არჩვენების წინ ხეობაში ათეულობით ადამიანს აკავებენ და შემდეგ მათი ოჯახის წევრებს ავალდებულებენ, არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG