Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნიას თქმით, წინა არჩევნების შემთხვევაში ქუჩის აქციები იყო მთავარი ბუსტერი


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის კონტროლი შესაძლებელია არჩევნების ფონზე, თუმცა რისკს ქმნის უკონტროლო აქციები და მობილობა. მისი თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა გასული წლის ოქტომბრის შემდგომ ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი.

წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლი შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია. თუმცა, უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი ბუსტერი და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, მსგავსი რისკი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან „პოლიტიკური პროცესები არის რთული“, თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები შარშანაც იყო და წელს მას დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ასევე სავალდებულო ტესტირება კვირაში ერთხელ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის.

ომბუდსმენმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ინფიცირებულთა რა რაოდენობით ზრდას ელოდებიან არჩევნების შედეგად და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი და „ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას“.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებამდე საქართველოში კორონავირსის დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მეტი იყო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს რიცხვი 3 ათასს გადასცდა და დეკემბრის დასაწყისში მიაღწია პიკს - 5 ათასს.

ხელისუფლება არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადების მხოლოდ ერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და „როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია“.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.

გასული დღის განმავლობაში, 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 038 292 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად, 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG