Accessibility links

site logo site logo

კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს


ირაკლი კობახიძე

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან პარტიის ოფისში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს.

„არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია. ხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადების საკითხზე, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება“, - ამბობს კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ანალოგიურ კამპანიას აწარმოებდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ. „ჩვენ ვნახეთ ასეთივე კამპანია წინა წლიდან. 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ამ შემთხვევაშიც დაიწყო ნინო ლომჯარიამ და გააგრძელა „სირცხვილიადან“ ეს კამპანია მიშა მშვილდაძემ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება იმ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავებ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდპაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ“, - აღნიშნავს ლომჯარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG