Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციას არჩევნების გადადების სურვილი არ აქვს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციას არ სურს არჩევნების გადადება, ეპიდემიოლიგებმა უნდა გასცენ რეკომენდაცია არჩევნებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების ურთიერთკავშირის შესახებ, განაცხადა მედიასთან საუბარში ნიკა მელიამ.

არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა, არავის არ უთქვამს ეს, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან რა პროგნოზს აკეთებენ. იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, დაამარცხებენ ან როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგინებს მათივე უმოქმედობით, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არცერთი სიტყვა, როგორ დაამარცხებენ პანდემიას“, - ამბობს ნიკა მელია.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში წარუმატებლობის პერსპექტივის გამო გეგმავს არჩევნების ბოიკოტირებას. დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის კონტროლი შესაძლებელია არჩევნების ფონზე, თუმცა რისკს ქმნის უკონტროლო აქციები და მობილობა. მისი თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა გასული წლის ოქტომბრის შემდგომ ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის.

ომბუდსმენმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ინფიცირებულთა რა რაოდენობით ზრდას ელოდებიან არჩევნების შედეგად და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი და „ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას“.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებამდე საქართველოში კორონავირსის დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მეტი იყო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს რიცხვი 3 ათასს გადასცდა და დეკემბრის დასაწყისში მიაღწია პიკს - 5 ათასს.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.

გასული დღის განმავლობაში, 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 038 292 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად, 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG