Accessibility links

site logo site logo

პანკისის ხეობაში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარუდგინეს


ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს დღეს ბრალი წარუდგინეს, მათ უფლებადამცველებს კი საქმის მასალები გადასცეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმის მასალები 8 ტომისგან შედგება და მასში შედის როგორც ვიდეომასალა, ასევე ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ე.წ. კრეფსები, რამდენიმე მოწმის ჩვენება და სხვა საპროცესო დოკუმენტები (დაკავების ოქმები, განჩინებები და ა.შ.).

უფლებადამცველის თქმით, ამ საქმის დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში.

მე ბრალდებულთან კომუნიკაციის საშუალება მქონდა, თუმცა ის ამ ეტაპზე ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. მეც მთხოვა, რომ არ გავაჟღერო არანაირი პოზიცია. სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, გამიჭირდება რამეზე საუბარი“, - თქვა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრაზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს და სხდომა სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანახმად, კახეთის რეგიონში, პანკისის ხეობაში 24 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

„ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების თანახმად, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.

„ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაკავებულთა ოჯახები, თავიანთი შვილების ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG